დიდი 10 | ხარები 27:5 არმაზი

რუსთავის ‘ხარებმა’, მარნეულის ‘არმაზს’ მეორე ტაიმში ოთხი უპასუხო ლელო გაუტანა და დიდი 10-ის ქვედა ექვსეულის მეორე მატჩში ბონუსით, 27:5 დაამარცხა.

რუსთავში, ქარში გამართული მატჩის პირველი ტაიმი ორმხრივი შეტევებით დაიწყო, თუმცა ანგარიში მხოლოდ 35-ე წუთზე გაიხსნა. სტუმრების მორიგი იერიშისას სანდრო სვანიძემ ხაზი გაჭრა და ლელო გაიტანა. გარდასახვა არაზუსტი იყო და როგორც შემდგომში აღმოჩნდა, ეს იყო მარნეულელების ერთადერთი შედეგიანი შეტევა.

‘ხარებმა’ შესვენების წინ მეტოქეს ვაჟა ხუციშვილის ჯარიმით უპასუხეს, მეორე ტაიმის დაწყებისთანავე კი, უპირატესობა მოიპოვეს. მათ ჯერ მოლი ააგორეს ის ირაკლი ჩომახაშვილმა ლელოთი დაასრულა, 51-ე წუთზე კი, შეტევა მოკლე ფრთაზე გაგრძელდა და იქ ლექსო მელიქიშვილმა იყოჩაღა. ხუთ წუთში ვაჟა ხუციშვილმა გაჭრა ხაზი და ლელომდე დაახლოებით 35 მეტრი ირბინა, იქ ის მეტოქეებმა შებოჭეს, თუმცა ბურთი განთავისუფლდა და ლელო ცოტნე დარჩიამ გაიტანა, ხოლო ხუციშვილმა გარდასახა.

მალე მასპინძლებმა კონტრშეტევისას ბურთი კარგად გაშალეს და გიორგი ნარიმანიძემ პრემიის მომტანი ლელო გაიტანა, ხუციშვილმა კი, რომელიც მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა, გარდასახა და მას შემდეგ ანგარიში აღარ შეცვლილა – 27:5.

‘ხარები’ ქვედა ექვსეულში 24 ქულით პირველ ადგილზეა, ‘არმაზი’ კი 14 ქულით მესამეზე რჩება.

 

ფოტო: გოგიტა ბუხაიძე