დიდი 10 | ხარები 23:20 ყაზბეგი

რუსთავის ‘ხარებმა’ სტეფანწმინდის ‘ყაზბეგს’ დაძაბულ ბრძოლაში 23:20 სძლია და 9 თამაშიდან 30 ქულით, სატურნირო ცხრილის სათავეში მოექცა.

თუ დღეს ‘არესმა’ ‘ლელო-სარასენსს’ დიდ დიღომში ვერ მოუგო, რუსთაველები დიდი 10-ის რეგულარული გათამაშების პირველ წრეს პირველ ადგილზე დაასრულებენ. ‘ყაზბეგმა’ ნუგეშ-ქულა აიღო, ჯამში 25 მოუგროვდა და მე-5 პოზიციაზეა.

წვიმიან ამინდში ორივე გუნდი ძალისმიერ სტილში ცდილობდა შეტევებს, ასევე მეტოქის შეცდომის იმედად, ხშირი იყო ფეხით თამაში. საწყის 20 წუთში ლელოს გატანის შანსი ორივე გუნდს ჰქონდა, თუმცა ეს ‘ხარებმა’ მოახერხა – 10-მეტრიანი მოლი ირაკლი ქვათაძის ლელოთი და გიორგი პეტრიაშვილის გარდასახვით დასრულდა. მასპინძლებმა წნეხი გააძლიერეს და სამ წუთში მეორე ლელო მიითვალეს. 5-მეტრიანი შერკინებიდან ბურთი გამოვარდა, მაგრამ თორნიკე აქუბარდიამ ბურთი ძელებსშუა მაინც დაამიწა და პეტრიაშვილმაც გარდასახა.

სტუმრები მალე გამოერკვნენ და 30-ე წუთზე საჯარიმო ლელო გამოიმუშავეს. რუსთაველები 5-მტერიანი დერეფნიდან აგორებულ მოლში ორჯერ დაჯარიმდნენ და 7 ქულის გარდა, 10 წუთით ირაკლი ქვათაძეც დაკარგეს. მიუხედავად ამისა, დარჩენილ დროში ‘ხარებმა’ შეძლო შედეგიანი შეტევის განხორციელება და პეტრიაშვილმა ახლოდან გატანილი ჯარიმით ტაიმის შედეგი დააფიქსირა – 17:7.

მეორე ტაიმის დასაწყისში რუსთაველებმა ყვითელი ბარათით თორნიკე აქუბარდია დაკარგეს. ისინი მაინც ფლობდნენ უპირატესობას, თუმცა 48-ე წუთზე სტუმართა კარგი შეტევა მიიღეს, ფეხით შეცურებულ ბურთს ლევან ქუშაშვილი შეყვა და ლამაზი ლელო გაიტანა. ხელსაყრელი პოზიციიდან გარდასახვა არაზუსტი იყო და ‘ხარებმა’ მატჩის განახლებისთანავე მოპოვებული ჯარიმით, უპირატესობა 8 ქულამდე გაზარდა. ‘ყაზბეგი’ სათამაშო ინიციატივას დაეუფლა და მართალია ჯარიმა ვერ გაიტანა, მაგრამ უდისციპლინობის გამო მეტოქეს 10 წუთით ფარნა გასვიანი გამოაცალა, მერე კი მოლი ლელოთი გელა მახარაშვილმა დაასრულა. არაზუსტი გარდასახვიდან 3 წუთში, მათე ჩქარეულმა ჯარიმით წონასწორობა აღადგინა – 20:20. პეტრიაშვილმა ორ წუთში მიიღო საპასუხო შანსი, ჯარიმა უნაკლოდ შეასრულა და ‘ხარებს’ მიმდინარე სეზონში მე-7 გამარჯვება მოუპოვა.

რუსთაველები 30 ქულით პირველ ადგილზე არიან, თუმცა ‘არესს’ თავისი შეხვედრა ჯერ არ ჩაუტარებია. განვლილი მატჩის საუკეთესო მოთამაშე რუსთავის ‘ხარების’ ბურჯი ვახტანგ ქვათაძე გახდა.