დიდი 10 | ხარები 20:15 აკადემია

რუსთავის ‘ხარებმა’ დიდი 10-ის მეოთხე ტურის მეორე მატჩში, თბილისის ‘აკადემიას’ დაძაბულ ბრძოლაში 20:15 სძლია და სეზონის მეორე გამარჯვება მოიპოვა.

სანახაობრივ შეხვედრაში ‘აკადემია’ თავისი პირველი გამარჯვებისთვის იბრძოდა, მაგრამ მასპინძლები მედგრად დაუხვდნენ და მხოლოდ პირველი, ნუგეშის ქულა აიღეს.

‘ხარებმა’ მეტოქე დებიუტშივე მოაქცია წნეხში და ხელდახელ მეორე შეტევა ლელოთი დაასრულა. მე-3 წუთზე ბურთის ფრთებზე ჩათამაშების შემდეგ გაგლეჯვაზე ლევან ნარიმანიძე წავიდა და ორ მცველს შორის გაძვრა. გიორგი პეტრიაშვილმა გარდასახვის შემდეგ ჯარიმაც გაიტანა.

‘აკადემიამ’ მალევე უპასუხა, მიხეილ ახობაძე ხაზით შეტევისას სისწრაფეში ორ მცველს შორის გაძვრა და მისი ლელო დავით მოძღვრიშვილმა გარდასახა. მანვე 28-ე წუთზე გატანილი ჯარიმით წონასწორობა აღადგინა, თუმცა მასპინძლებმა ორ წუთში შეძლეს უპირატესობის დაბრუნება. ‘აკადემიამ’ პირველი ბურთი ვერ მიიღო, ‘ხარები’ სწრაფად გადაერთო შეტევაში, რამდენიმე ფაზის შემდეგ ჯერ ნარიმანიძემ გაჭრა ხაზი, მერე კი ერეკლე მაჭარაშვილი მცველს მოერია და ლელო გაიტანა. ტაიმის ბოლოს მასპინძლების მოლი გიორგი შარვაშიძის ლელოთი დასრულდა და ‘ხარებმა’ ტაიმი 20:10 მოიგო.

მეორე ტაიმში მეტი იყო ჯარიმები და სტატიკური სიტუაციები. ‘აკადემია’ უპირატესობას ფლობდა და 64-ე წუთზე ახობაძემ დუბლი შეასრულა, როდესაც ფეხით შეცურებულ ბურთს მიყვა და მარჯვენა ალამთან დაამიწა. გარდასახვა არაზუსტი იყო, ‘აკადემიას’ წონასწორობის აღსადგენად ლელო სჭირდებოდა. სალელოვე შანსი ორივე გუნდს ჰქონდა, მაგრამ ანგარიში აღარ შეცვლილა და ‘ხარებმა’ 20:15 მოიგო.

მატჩის საუკეთესო მოთამაშე რუსთაველთა ბურჯი გიორგი გოგოლაძე გახდა.