დიდი 10 | ხარები 15:21 ბათუმი

‘ბათუმმა’ დიდი 10-ის მესამე ტურის ცენტრალურ მატჩში, გადამწყვეტი უპირატესობა დასკვნით წუთებში მოიპოვა და დაძაბულ ბრძოლაში რუსთავში ‘ხარები’ 21:15 დაამარცხა.

ზღვისპირელებისთვის ეს ზედიზედ მესამე გამარჯვებაა (13 ქულა), ‘ხარებმა’ კი პირველი შეხვედრა დათმო, თუმცა სატურნირო ცხრილში მეორე ადგილს ინარჩუნებს (10 ქულა).

პირველ ტაიმში სტუმრები მამუკა ნინიძის ორი შორეული ჯარიმით დაწინაურდნენ. 32-ე წუთზე ‘ხარების’ ხანგრძლივ შეტევას 5-მეტრიანიდან მოლი და ლევან ჭავჭავაძის ლელო მოყვა, მაგრამ გარდასახვა არაზუსტი იყო.

თამაში რომ განახლდა ნინიძემ და გიორგი პეტრიაშვილმა ჯარიმები გაცვალეს. ‘ხარებმა’ მეორე ტაიმის შუაში მნიშვნელოვანი უპირატესობა მოიპოვა. ‘ბათუმმა’ სამი წუთის ინტერვალით სინბინით გიორგი წიკლაური და ანზორ სიჭინავა დაკარგა და თანაც საჯარიმო ლელო მიიღო, რითაც მდევრის როლში აღმოჩნდა.

2-კაცნაკლულმა ზღვისპირელებმა თავი კარგად დაიცვეს, მერე თავად გადავიდნენ შეტევაზე და 73-ე წუთზე მოლი ნუკრი ფერსელაძის ლელოთი დასრულდა. გარდასახვა არაზუსტი იყო და ‘ბათუმი’ მდევრის როლში დარჩა, მაგრამ ბოლოს ხანგრძლივი შეტევის შემდეგ საკუთარ ნახევარზე ხაზი კობა ჯიმშელეიშვილმა გაარღვია და ძელებსშუამდე 60 მეტრი ირბინა. ნინიძემ გარდასახა და საკუთარ გუნდს 21:15 მოაგებინა, ‘ხარები’ კი ნუგეშს დასჯერდა.

მატჩის საუკეთესო მოთამაშე ბექა ურჯუკაშვილი გახდა.

 

ფოტო: ანი რეხვიაშვილი