დიდი 10 | ხარები 12:25 აკადემია

თბილისის ‘აკადემიამ’ რუსთავში ‘ხარებს’ მეორე ტაიმში სამი უპასუხო ლელო გაუტანა და ბონუსით, 25:12 დაამარცხა.

„რუსთავი არენაზე“ შეხვედრამ ძლიერი ქარის ფონზე ჩაიარა, რომელიც პირველ ტაიმში მასპინძელთა სასარგებლოდ ქროდა. ორივე გუნდი ხშირად ჯარიმდებოდა გიორგი პეტრიაშვილმა ოთხი, ხოლო სანდრო მარგიანმა ერთი, 3 ქულად აქცია. პირველი ტაიმის შემდეგ, თანაბარ ბრძოლაში ‘ხარები’ 12:3 დაწინაურდა.

მეორე ტაიმი სტუმართა კარნახით დაიწყო და მიუხედავად იმისა, რომ ამჯერად ზურგქარი მათ სასარგებლოდ ქროდა, ჯარიმები კარში არ დაარტყეს. ამან შედეგი მალევე გამოიღო და გელა მახარაშვილმა მოლი ლელოთი დაასრულა. ამის შემდეგ მსაჯმა ჯერ რუსთაველი გიორგი შარვაშიძე, მერე აკადემიელი ლუკა კობაური გაასინბინა. „მხატვრები“ მოედანზე კაცნაკლულნი იყვნენ, როდესაც მარცხენა ფრთაზე მეორედ დაძრეს მოლი და მე-60-ე წუთზე ლევან ლომაურმა სტუმრები დააწინაურა, მარგიანმა კი გარდასახა.

‘აკადემია’ ხელდახელ კარგად, სწრაფად უტევდა და ხაზის მოთამაშეებს არც მორკინალები ჩამოუვარდებოდნენ. მათ ფაზურ შეტევებს ჯარიმები მოყვა და იაგო მარსაგიშვილი სინბინით დაისაჯა, მარგიანმა კი ჯარიმა გაიტანა და უპირატესობა 6 ქულამდე გაზარდა.

თბილისელთა დომინირება ბოლო წუთამდე გაგრძელდა, მარცხნივ ბოლომდე ჩათამაშების შემდეგ, გვერდითი ხაზის გასწვრივ მიხეილ ახობაძე გაიქცა და ლელოთი ‘აკადემიას’ ბონუს-ქულაც მოუპოვა. მარგიანმა ესეც გარდასახა და საბოლოო შედეგი დააფიქსირა – 25:12.

საუკეთესო მოთამაშედ ‘აკადემიას’ კვაჭი გელა მახარაშვილი დასახელდა. თბილისელებს 31 ქულა გაუხდათ და კვლავ მე-4 ადგილზე რჩებიან, ოღონდ ‘ხარებს’ უკვე მხოლოდ 2 ქულით ჩამორჩებიან.