დიდი 10 | ყოჩები 33:20 არმაზი

ბოლნისის ‘ყოჩებმა’ ‘არმაზს’ „რაგბი პლატოზე“ 33:20 სძლია და „ბ“ ჯგუფიდან მოწინავე სამეულში გასვლა პირველი ეტაპის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე დაიბევა.

მასპინძლებმა ბონუსიც აიღეს და მდევარ ‘არესს’ სატურნირო ცხრილში 10 ქულით დაშორდნენ, რისი აღმოფხვრაც ერთ ტურში შეუძლებელია. ამავე ჯგუფიდან მოწინავე სამეულში ქუთაისის ‘აია’ და ‘ბათუმი’ ითამაშებენ, ხოლო ქუთაისის ‘არესი’, მარნეულის ‘არმაზი’ და გორის ‘ჯიქი’ უძლიერესთა შორის დასარჩენად იბრძოლებენ.

შეხვედრა სტუმართა შეტევებით დაიწყო, მაგრამ ანგარიში მე-10 წუთზე ‘ყოჩებმა’ გახსნა. მათ ხელდახელ მაღალ სისწრაფეზე ბურთი ორივე ფრთაზე ჩაათამაშეს, გიორგი წიკლაურმა უხერხული ბურთი დაიმორჩილა, სამ მცველ მოძრაობაზე გასცდა და მისი ლელო ნიკოლოზ რეხვიაშვილმა გარდასახა.

სასიამოვნოა, რომ ხელდახელ თამაში ორივე გუნდმა გააგრძელა და შეხვედრა თვალსასეირო საყურებელი გამოდგა. 30-ე წუთზე ‘არმაზმა’ მასპინძელთა შეცდომით ისარგებლა და გიორგი ნავროზაშვილნა საპასუხო ლელო გაიტანა, ხოლო ლუკა მატკავამ გარდასახვით წონასწორობა აღადგინა. 36-ე წუთზე მატკავამ მრავალფაზიანი შეტევის შემდეგ 22-ში ხაზი გაჭრა, ბოჭვის შემდეგ თამაშში სწრაფად დაბრუნდა და რაქის გვერდზე ლელო გაიტანა, მერე კი გარდასახვა შეასრულა – 7:14.

‘ყოჩებს’ შესვენებამდე შეეძლო წონასწორობის აღდგენა, მაგრამ ლელოში შესულ მეტოქეს მცველმა დამიწების საშუალება არ მისცა. 49-ე წუთზე ნიკოლოზ რეხვიაშვილმა ფეხით გადაკიდებული ბურთი თავის 22-თან აიღო, თავად წამოიღო, ხაზი გაჭრა და მისი გარღვევა ლელოთი გურამ გოგიძემ დაასრულა, ხოლო რეხვიაშვილმა წონასწორობა აღადგინა.

52-ე წუთზე მატკავამ ჯარიმა 45 მეტრიდან გაიტანა, რაზეც ორ წუთში გიორგი მელაძემ ლელოთი უპასუხა. კარის წინ 22 მეტრში დანიშნული ჯარიმა ‘ყოჩებმა’ გაათამაშა, ბურთი ფრთაზე ბოლომდე ჩათამაშდა და იქ მცველმა შემტევი გვერდით ხაზს იქით ვერ გადაიყვანა. 59-ე წუთზე მატკავამ ჯარიმა 42 მეტრიდან გაიტანა და ‘არმაზი’ შეხვედრაში უკანასკნელად, 20:19 დააწინაურა.

67-ე წუთზე ‘ყოჩებმა’ ჯერ მოლით შეუტია და დიდი მანძილი მოიგო, ლელოდან 10 მეტრში ბურთი ხაზზე გავიდა, რომან მახათაძემ ხაზი გაჭრა და მისი ლელო რეხვიაშვილმა გარდასახა. 73-ე წუთზე ბოლნისელებმა მეტოქეს ბურთი მისსავე ნახევარზე აართვეს, ფეხით გადაკიდებილს კოტე მარჯანიშვილი მიყვა და ბონუსის მომტანი ლელო გაიტანმა, ხოლო რეხვიაშვილმა გარდასახვით საბოლოო შედეგი დააფიქსირა.

მატჩის საუკეთესო მოთამაშე გიორგი წიკლაური გახდა.

 

ფოტო: ანი რეხვიაშვილი