დიდი 10 | ყოჩები 32:25 ხარები

ბოლნისის ‘ყოჩებმა’ რუსთავის ‘ხარებს’ დაძაბულ ბრძოლაში 32:25 სძლია და ახალ წელს მეორე ადგილზე ხვდება.

თამაში უხეში გამოდგა და მსაჯმა 7 მორაგბეს ყვითელი, ერთს კი წითელი ბარათი უჩვენა. მეორე ტაიმის დასაწყისში თამაში ბოლნისელთა გარემარბმა ირაკლი გეგენავამ დატოვა, მაგრამ მასპინძლებმა მაინც შეძლეს უმნიშვნელოვანესი გამარჯვების მოპოვება.

გუნდებმა თამაში აქტიურად დაიწყეს, თუმცა ანგარიში მხოლოდ მე-14 წუთზე გაიხსნა, როდესაც გიორგი ბასილაიამ არეკნით სტუმრები დააწინაურა. 21-ე წუთზე ‘ყოჩების’ ბურჯი ბაჩუკი ჭუმბაძე სინბინით დაისაჯა და გიორგი პეტრიაშვილმა ჯარიმით ანგარიში 6:0 გახადა. ამას მალევე მოლით დაწყებული შეტევა მოყვა და ფორვარდების რამდენიმე მიძალების შემდეგ, ირაკლი ჩომახაშვილმა ლელო გაიტანა. პეტრიაშვილმა გარდასახვით სტუმრების უპირატესობა 13 ქულამდე გაზარდა.

თამაში რომ განახლდა კოტე მარჯანიშვილი მარჯვენა ფრთაზე ყველას გაექცა და 60-მეტრიანი რეიდი საპასუხო ლელოთი დაასრულა. 31-ე წუთზე ‘ხარებმა’ მეტოქის 22-ში დაკარგა ბურთი, ის ირაკლი გეგენავამ აიტაცა და ლელომდე 80 მეტრი ირბინა. ლაშა მალაღურაძემ ორივე გარდასახვის შემდეგ ჯარიმაც გაიტანა და ტაიმი ‘ყოჩებმა’ 17:13 მოიგო.

მეორე ტაიმი ‘ხარების’ შეტევებით დაიწყო და 3 წუთის შემდეგ, ლევან ჭავჭავაძეზე მხრით ბოჭვის გამო, მსაჯმა ირაკლი გეგენავას წითელი ბარათი უჩვენა. ‘ყოჩებმა’ შეძლო თავის დაცვა, მერე თავად გადავიდა შეტევაში და ჩომახაშვილის სინბინის შემდეგ მოედანზე გუნდების რაოდენობა გათანაბრდა. ბოლნისელებმა იქვე დერეფნიდან მოლი დააყენეს, მერე გიორგი მჭედლიშვილმა ჯარიმა სწრაფად გაათამაშა და მისი ლელო მალაღურაძემ გარდასახა.

დასკვნით 20 წუთში სიტუაცია განსაკუთრებით დაიძაბა. 62-ე წუთზე რუსთაველებმა ხაზზე რამდენჯერმე ჩაათამაშეს ბურთი და ლევან ნარიმანიძემ ლელო გაიტანა, პეტრიაშვილმა კი გარდასახა. თამაში რომ განახლდა, ერთი წუთის ინტერვალით ლაშა ფოფხაძემ და გიორგი მჭედლიშვილმა ყვითელი ბარათები მიიღეს და ‘ყოჩები’ 8 წუთით მოედანზე 12 კაცის ამარა დარჩა. ‘ხარებმა’ ასეთი რიცხობრივი უპირატესობით მალევე ისარგებლა, მით უმეტეს, რომ მასპინძლები შეცდნენ და გიორგი კოშაძემ ლელოთი ‘ხარები’ დააწინაურა. გარდასახვა არაზუსტი იყო.

თითქოს სტუმრებს მოგება აღარ უნდა გაჭირვებოდათ, მაგრამ 70-ე წუთზე გიორგი ნათელაშვილმა და ორიოდე წუთში ლევან ჭავჭავაძემ ყვითელი ბარათები მიიღეს, მალაღურაძემ კი ჯარიმით ‘ყოჩებს’ ლიდერობა დაუბრუნა. რუსთაველებმა ბურთი თამაშში შეიყვანეს, მოედანზე გაწევ-გამოწევა გაჩაღდა და ახლა ყვითელი ბარათი ჟორა მღებრიშვილმა მიიღო. ახლა სტუმრები დარჩნენ 12 კაცის ამარა, ნელ-ნელა ბოლნისელებს სინბინიდან მორაგბეები დაუბრუნდნენ და მატჩის მიწურულს ლელო გაიტანეს – თემო სოხაძემ ფრთაზე ბურთი ფეხით გადაკიდა, ის ლევან გოგოლაშვილის ნადავლი გახდა და ლამაზი ლელოთი საბოლოო წერტილი დასვა – 32:25.

მატჩის საუკეთესო მოთამაშედ გიორგი მჭედლიშვილი დასახელდა. ‘ყოჩებს’ 10 თამაშის შემდეგ 34 ქულა მოუგროვდა და მეორე ადგილზეა. ‘ხარები’ მას ქულით ჩამორჩება.