დიდი 10 | ყოჩები 32:25 ყაზბეგი

სტეფანწმინდის ‘ყაზბეგს’ ბოლომდე ბრძოლა ბოლნისის ‘ყოჩებთან’ ნუგეშ-ქულით დაუფასდა და ბოლო, გასავარდნ ადგილს თავი დააღწია.

უამინდობის გამო „შევარდენის“ ხელოვნურსაფარიან მოედანზე გამართულ შეხვედრაში ‘ყოჩებმა’ 32:25 იმარჯვა და სატურნირო ცხრილში ლიდერ ‘ბათუმს’ 10 ქულით ჩამორჩება, მდევარ ‘აკადემიას’ კი 11-ით უსწრებს და თუ გაუთვალისწინებელი არაფერი მოხდა, რეგულარულ გათამაშებას მეორე საფეხურზე დაასრულებს. ‘ყაზბეგს’ 11 ქულა გაუხდა, ერთით გადაასწრო ‘იუნკერებს’ და მე-9 ადგილზე აღზევდა, თუმცა წინ კიდევ 5 ტურია და უძლიერესთა შორის დასარჩენად, ბრძოლა უშეღავათო იქნება.

‘ყოჩები’ ადრეული ლელოთი დაწინაურდა, როდესაც ფეხით გადაკიდებული ბურთი გაზონმა მცველებისთვის უხერხულად აისხლიტა და ის გიორგი ბეგაძემ დაამიწა, ლაშა მალაღურაძემ კი გარდასახა. მერაბ კვირიკაშვილმა ჯარიმით ჩამორჩენა მალევე შეამცირა, მაგრამ მასპინძლებს ხელდახელ თამაში უკეთ გამოსდიოდათ და უპირატესობა გაზარდეს.

ტაიმის შუაში მცველი ფეხით გადაკიდებულ ბურთს ცუდად დაუხვდა, ის თემურ ჭიჭინაძის ნადავლი გახდა, კოტე მარჯანიშვილს გადააწოდა და მას ვეღარავინ დაეწია. 26-ე წუთზე ‘ყაზბეგს’ ლუკა ალიბეგაშვილი გაუსინბინეს და ბოლნისელებმა რიცხობრივი უპირატესობით მალე ისარგებლეს – დერეფნის შემდეგ ბურთი ბოლომდე ჩათამაშდა და ლელო ირაკლი გეგენავამ გაიტანა. მალაღურაძემ ამ ორი ლელოდან პირველი გარდასახა – 19:3.

ჯერ კიდევ კაცნაკლულმა სტუმრებმა ლელო-გარდასახვა ორ წუთში გაქვითეს. ფრთაზე ნიკა გიგაური გაიქცა და ძლიერი კონტაქტის შემდეგ ლელო გაიტანა. მეორე ტაიმი ახალი დაწყებული იყო, როდესაც ლუკა დვალიშვილმა დერეფნის შემდეგ საჭირო პაუზა გააკეთა, სივრცეში სუფთად გაძვრა და ბურთი ძელებსშუა დაამიწა. მერაბ კვირიკაშილმა ორივე გარდასახა და ჩამორჩენა 2 ქულამდე დაიყვანა.

ასეთ სიტუაციაში მალაღურაძემ პრაგმატული გადაწყვეტილებები მიიღო და ორი ჯარიმით ბოლნისელებს დამშვიდების საშუალება მისცა, თუმცა დროებით. 62-ე წუთზე ‘ყაზბეგმა’ მარჯვენა ფრთაზე ბურთი სწრაფად ჩაათამაშა და გუგუა ხულელიძემ ალამთან ლელო გაიტანა. გარდასახვა არაზუსტი იყო. 3 წუთში ლევან ქუშაშვილმა კარის წინ ხაზი გაგლიჯა და ის იყო ბურთი ძელებსშუა უნდა დაემიწებინა, როდესაც კონტაქტისას მასზე კონტროლი დაკარგა და ეს ვიდეო-რეფერიმ დააფიქსირა.

‘ყაზბეგი’ უმნიშვნელოვანესი გამარჯვების მოპოვების შანსს ინარჩუნებდა, მაგრამ 76-ე წუთზე სერგი ჩხაიძემ სუფთად გაჭრა ხაზი და ლელოთი მათი იმედები გააქარწყლა, მალაღურაძემ კი უპირატესობა 10 ქულამდე გაზარდა. ასეთ სიტუაციაში გაწითლებულ დროზე მალაღურაძემ ჯარიმა კარში დაარტყა, სხვაობა 7 ქულამდე დაიყვანა და საკუთარ გუნდს ნუგეშის ქულა მოუპოვა – 32:25.

მატჩის საუკეთესო მოთამაშე ირაკლი გეგენავა გახდა.

 

ფოტო: ანი რეხვიაშვილი