დიდი 10 | ყოჩები 31:14 არესი

ვიცე-ჩემპიონმა ბოლნისის ‘ყოჩებმა’ დიდი 10-ის ახალ სეზონში პირველი გამარჯვება მოიპოვა. ქუთაისის ‘არესთან’, მეორე ტაიმის დასაწყისში ისინი 31:0 დაწინაურდნენ და მიუხედავად იმისა, რომ დარჩენილ დროში ორი გარდასახული ლელო მიიღეს, სასურველი ანგარიში შეინარჩუნეს.

„რაგბი პლატოზე“ მასპინძლები პირველ ტაიმში სოლიდურ უპირატესობას ფლობდნენ. სტუმრები ხშირად ჯარიმდებოდნენ და სინბინით სამი მორაგბე დაკარგეს. შესვენების შემდეგ ქუთაისელებმა თამაშის ხარისხი გააუმჯობესეს, მაგრამ 31-ქულიანი ჩამორჩენის აღმოფხვრა ვეღარ შეძლეს.

მატჩის დებიუტში ანგარიში ჯარიმით ლაშა მალაღურაძემ გახსნა. სამ წუთში ნიკა რეხვიაშვილმა გაჭრა ხაზი და ბურთი კობა ტატულაშვილს გაატანა, მას ნიკა კუპრაშვილი მიყვა და ლელოსაც გაიტანდა, რომ არა არსენ მაჩალაძის მაღალი ბოჭვა. ეპიზოდის განხილვის შემდეგ ‘არესი’ საჯარიმო ლელოთი, ხოლო მათი მორკინალი სინბინით დაისაჯა. ორიოდე წუთში მალაღურაძემ მეორე ჯარიმა გაიტანა.

ტაიმის შუაში ბოლნისელებმა კარის წინ კარგი კომბინაცია გაითამაშეს და რეხვიაშვილის ოფლოუდის შემდეგ ნიკა ბიწაძემ შეხვედრის მეორე, ლამაზი ლელო გაიტანა. მალაღურაძემ გარდასახვის შემდეგ კიდევ ერთი ჯარიმა გაიტანა. 32-ე და 34-ე წუთებზე იაგო ხილაძემ და გიორგი თევდორაძემ ყვითელი ბარათები მიიღეს და ‘არესი’ მოედანზე 13 კაცის ამარა დარჩა, თუმცა ამ პერიოდში თავად შეუტია მწვავედ და რომ არა ბლოკი, სხვაობასაც შეამცირებდა. მთლიანობაში, ეს პერიოდი სტუმრებმა კარგად ჩაატარეს, თუმცა ტაიმის ბოლოს მალაღურაძემ მეოთხე ჯარიმით უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდა – 26:0.

მას შემდეგ, რაც მეორე ტაიმის დასაწყისში ‘არესის’ შემადგენლობა შეივსო, ‘ყოჩებმა’ ხელდახელ კარგი კომბინაცია გაითამაშა, კოტე მარჯანიშვილმა ხაზი სუფთად გაჭრა და საკუთარი გუნდის მონაგარს კიდევ 5 ქულა შემატა. ‘არესმა’ მხოლოდ ამის შემდეგ შეძლო პირველი წარმატებული იერიშის განხორციელება და 48-ე წუთზე, 5-მეტრიანი დერეფნიდან აგორებული მოლი ლელოთი ირაკლი თევზაძემ დაასრულა. სამ წუთში მასპინძლები მოედნის ცენტრში გადაცემისას შეცდნენ, რეზო არჩვაძემ კონტრშეტევაზე კარგად იარა, რასაც 22-ში რამდენიმე დარტყმა და ნიკა ძნელაძის მეორე ლელო მოყვა. თევდორაძემ ორივე გარდასახა.

54-ე წუთზე იოსებ გუშარაშვილს სინბინის შემდეგ კაცნაკლული უკვე ‘ყოჩები’ დარჩა, მაგრამ დარჩენილ დროში ანგარიში აღარ შეცვლილა და ბოლნისელებმა 31:14 იმარჯვეს. მატჩის საუკეთესო მოთამაშე ლაშა მალაღურაძე გახდა.

 

ფოტო: ანი რეხვიაშვილი