დიდი 10 | ყოჩები 30:14 ჯიქი

ბოლნისის ‘ყოჩებმა’ გორის ‘ჯიქს’ მეორე ტაიმში მოლით სამი ლელო გაუტანა, 30:14 დაამარცხა, ბონუსიც ჩაიწერა და საფლეიოფო ექვსეულში შესვლის შანსი დაიბრუნა.

2019 წლის ბოლოს, 11 ტურის შემდეგ, მოწინავე ექვსეულსა და დანარჩენ 4 გუნდს შორის დიდი სხვაობა დაფიქსირდა. ერთი შეხედვით, ყველაფერი გარკვეული იყო და ‘ყოჩები’ მხოლოდ დიდ 10-ში ადგილის შესანარჩუნებლად თუ იბრძოლებდა, თუმცა 2020 წელს, ბოლნისელებმა სამივე თამაში მოიგეს, ‘ჯიქმა’ პირიქით, სამივე წააგო და სიტუაციაც დაიძაბა.

ამ, ბონუს-ქულით მოგების შემდეგ, ‘ყოჩებს’ 26 ქულა გაუხდა და 3-ითღა ჩამორჩება ‘ჯიქს’, წინ კი კიდევ ოთხი ტურია და ყველაფერი შეიძლება მოხდეს.

მასპინძლებმა თამაშში ბურთი შეიყვანეს თუ არა, ‘ჯიქმა’ შეცდომა დაუშვა და ‘ყოჩებმა’ შეუტია, თემურ სოხაძემ ფეხით ბურთი მარჯვენა ალამთან ჩაკიდა ბურთი, ლევან გოგოლაშვილმა ის მეორე ცდით შეიმაგრა, სანამ აუტში გადაიყვანდნენ მოედანში ოფლოუდით შემოაგდო და ლადო მიმინოშვილმა ანგარიში გახსნა. გარდასახვა არაზუსტი იყო ბექა წიკლაურმა ჯარიმით სხვაობა 2 ქულამდე მალევე დაიყვანა.

ტაიმის შუაში, 2-2 წუთის ინტერვალით, სოხაძემ ორი, ხოლო წიკლაურმა ერთი ჯარიმა გაიტანა და ბოლნისელები 11:6 დაწინაურდნენ, თუმცა გორელებმა დასკვნით 10 წუთში 8 ქულის აღება მოახერხეს. 30-ე წუთზე ‘ჯიქმა’ 5-მეტრიან წყვეტილთან ჯარიმა სწრაფად გაითამაშა, დაცვამ გადაწყობა ვეღარ მოასწრო და გიორგი ჭუაძემ ალამთან გატანილი ლელოთი წონასწორობა აღადგინა. გარდასახვა ძელს მოხვდა, თუმცა 3 წუთში წიკლაურმა შორიდან ჯარიმა გაიტანა და ‘ჯიქს’ ტაიმი 14:11 მოაგებინა.

მეორე ტაიმში ‘ყოჩებმა’ მოლში საგრძნობი უპირატესობა მოიპოვა და სამი უპასუხო ლელო გაიტანა. თამაში 5 წუთის დაწყებული იყო, როდესაც 5-მეტრიანი დერეფნის შემდეგ მოლში ხაზის მოთამაშეებიც ჩაერთვნენ, მან ღერძი იცვალა და ანტონ ფეიქრიშვილმა ლელო გაიტანა. კიდევ 5 წუთში მორიგი მოლი დადგა და ამჯერად ის ლელოთი დავით ხიდეშელმა დაასრულა. სოხაძემ პირველი გარდასახა, მეორე ვერა და ანგარიში 23:14 გახდა.

ტაიმის შუაში წიკლაურს და სოხაძეს ჯარიმები გაუცუდდათ, შეხვედრის მიწურულს კი, ბოლნისელებმა კარში დარტყმას პრემიალურ ლელოზე თამაში არჩიეს და არც შემცდარან. მოლი ამჯერადაც ხიდეშელმა დაასრულა და დუბლი გაიფორმა, ხოლო სოხაძემ გარდასახა. სულ ბოლოს ‘ყოჩებმა’ სინბინით ჯერ გიორგი წიკლაური, მერე ხიდეშელი დაკარგა, თუმცა 13 კაცით ლელოს და შესაბამისად, ბონუსის დაცვა მოახერხა და 30:14 იმარჯვა.

 

ფოტო: ანი რეხვიაშვილი