დიდი 10 | ყოჩები 23:20 აია

ბოლნისის ‘ყოჩებმა’ დიდი 10-ის მეოთხე ტურში ქუთაისის ‘აიას’ „რაგბი პლატოზე“ უმასპინძლა და დაძაბულ შეხვედრაში 23:20 დაამარცხა.

დროის უმეტესი ნაწილი ბოლნისელები უპირატესობას ფლობდნენ, მაგრამ დისციპლინაში პრობლემები ჰქონდათ. პირველ ტაიმში მათ სინბინის გამო 10-10 წუთით 4 მორაგბე დაკარგეს და ‘აიამ’ უპირატესობა მოიპოვა, მაგრამ ‘ყოჩებმა’ მაინც შეძლო სეზონის მესამე გამარჯვების მოპოვება.

მატჩის დებიუტში ‘აია’ ორჯერ დაჯარიმდა და ლაშა მალაღურაძემ ორივე გაიტანა. მერე ხელდახელ ბურთაობა გაჩაღდა და ბოლნისელებმა ორჯერ მწვავედ შეუტიეს, მაგრამ ბოლო მომენტში დაცვამ ივარგა. ტაიმის შუაში მასპინძლებმა ყვითელი ბარათით გიორგი კურტანიძე დაკარგეს და ქუთაისელებმა ერთ წუთში ლელო გაიტანეს. მოლი იონა ფირცხალავას 5 ქულით დასრულდა, გიორგი ბაბუნაშვილმა კი გარდასახა.

ტაიმის შუაში სტუმრები ძალისმიერ თამაშში უკეთ გამოიყურებოდნენ, 27-ე წუთზე ყვითელი ბარათი ვაჟა მაისურაძემაც მიიღო და 13-კაციანი ‘ყოჩები’ საჯარიმო ლელოთი დაისაჯა. ამ ეპიზოდში სანდრო ქიტუაშვილი, ორიოდე წუთში კი მალაღურაძე სინბინით დაისაჯა და ბოლნისელები 7 წუთით მოედანზე 12 კაცის ამარა დარჩნენ. მაგრამ მათ დაცვა მოახერხეს, ტაიმის მიწურულს კი შერკინებასა და მოლში უკვე ‘ყოჩებმა’ იმძლავრა და ჯაბა ბრეგვაძემ ერთი ლელო გაქვითა – 11:14.

მეორე ტაიმის დასაწყისში სწრაფად გათამაშებული ჯარიმის შემდეგ ‘ყოჩებმა’ მარცხენა ფრთაზე მეტობა შექმნა და ლევან გოგოლაშვილმა ლელოთი მასპინძლები დააწინაურა. ნიკა ღლონტმა არეკნით მალევე უპასუხა და 46-ე წუთზე ‘აიამ’ ლიდერობა დაიბრუნა, 56-ეზე კი ბაბუნაშვილმა ჯარიმით უპირატესობა 4 ქულამდე გაზარდა. 72-ე წუთზე მალაღურაძემ მოლის შემდეგ კარის წინ ფეხით შეაცურა ბურთი, მას სანდრო ფურცხვანიძე მიყვა და ლელო გაიტანა, მალაღურაძემ კი გარდასახა.

მატჩის მიწურულს ბოლნისელები ერთხელაც დარჩნენ კაცნაკლული. ამჯერად ყვითელი ფურცხვანიძემ მიიღო, რომელიც მოგვიანებით საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა. ‘ყოჩებმა’ ამჯერადაც კარგად დაიცვა თავი და 23:20 გაიმარჯვა.