დიდი 10 | ყოჩები 19:19 არესი

ქუთაისის ‘არესმა’ ბოლნისის ‘ყოჩების’ უდისციპლინობით ისარგებლა და მიუხედავად იმისა, რომ მასპინძელთა სამ ლელოს მხოლოდ ერთით უპასუხა, შეხვედრა ფრედ – 19:19 დაასრულა.

დიდი 10-ის გარდამავალ სეზონში ეს მეორე ფრეა და მოწინააღმდეგესთან ქულები ორივეჯერ დებიუტანტმა, ქუთაისის ‘არესმა’ გაიყო. ისინი მეორე ტურში შინ გორის ‘ჯიქს’ დაუზავდნენ, მე-5 ტურში კი გამარჯვება ‘ყოჩებს’, „რაგბი პლატოზე“ არ დაანებეს.

ტური, რომელშიც კოვიდ-პანდენმიის გამო მხოლოდ სამი მატჩი გაიმართება, „ბ“ ჯგუფის შეხვედრით გაიხსნა და დაძაბულთან ერთად, სანახაობრივი ბრძოლაც გაიმართა. ბოლნისელები ხშირად ჯარიმდებოდნენ, რითაც კარგად ისარგებლა ბონდო აბაშიძემ და 15 წუთში სამი ცდიდან ორი ჯარიმა გაიტანა. ტაიმის მიწურულს შერკინებაში მასპინძელთა უპირატესობა გამოიკვეთა, ‘ყოჩებმა’ საჯარიმო ლელო გამოიმუშავა და გუნდები შესვენებაზე გავიდნენ – 7:6.

განახლდა თუ არა თამაში, ბოლნისელები კვლავ დაჯარიმდნენ და აბაშიძემ ‘არესი’ დააწინაურა. 50-ე წუთზე ‘ყოჩებმა’ საკუთარი ნახევრიდან ხელდახელ შეუტია, ხაზი ჯერ მარცხენა ფრთაზე გაიჭრა, მერე ცენტრში და გიორგი ნოდიამ ლელომდე ირბინა, ხოლო შავლეგ მახარაშვილმა გარდასახა.

 

 

აბაშიძემ 5 წუთში ჯარიმა ცენტრიდან გაიტანა, მერე კი არეკნი გაუცუდდა. 61-ე წუთზე, გიორგი ბეგაძის კარგი თამაშის შემდეგ გურამ გოგიძემ ხაზი გაჭრა და ლელომდე დაახლოებით 60 მეტრი ირბინა. გარდასახვა არაზუსტი იყო. თამაში რომ განახლდა ბოლნისელები შეცდნენ, რითაც კარგად ისარგებლა ბადრი დანგაძემ და ამირან შვანგირაძეს ალამთან ლელო გაატანინა, აბაშიძემ კი რთული პოზიციიდან გარდასახა და წონასწორობა აღადგინა.

66-ე წუთზე ‘ყოჩები’ მოედანზე კაცნაკლული დარჩა. ირაკლი გეგენავას სინბინის შემდეგ, აბაშიძემ სტუმრების დაწინაურება ჯარიმით სცადა, მაგრამ მიზანმა უმტყუნა. მალე ‘არესს’ მეორე ლელოს გატანის კარგი შანსი ჰქონდა, თუმცა მისი რეალიზება ვერ მოახერხა და გუნდებმა ორ-ორი სატურნირო ქულა გაიყვეს.

მატჩის საუკეთესო მოთამაშე ‘ყოჩების’ შერკინების შემკვრელი გიორგი ნოდია გახდა.

 

ფოტო: ანი რეხვიაშვილი