დიდი 10 | ‘ყოჩები’ 15 წლის შემდეგ ფინალშია!

ბოლნისის ‘ყოჩებმა’ სუპერ-დაძაბულ მატჩში რუსთავის ‘ხარები’ 33:32 დაამარცხა და 15-წლიანი პაუზის შემდეგ, დიდი 10-ის (საქართველოს ჩემპიონატის) ფინალში ითამაშებს.

2007 წელს ‘ყოჩებმა’ ფინალში ‘ლელოს’ 15:9 სძლია და მესამედ მოიპოვა ოქროს მედლები, მას შემდეგ კი, გადამწყვეტ მატჩში პირველად გავიდა. 5 ივნისს მათი მეტოქე ‘ბათუმი’ იქნება, რომელმაც რეგულარული გათამაშება მოიგო, ერთი კვირის წინ შესარჩევ ფინალში იმავე ‘ყოჩებს’ ბათუმში 16:7 სძლია და ფინალის საგზური მოიპოვა.

„რაგბი პლატოზე“ განვლილ შეხვედრაში ლიდერი 6-ჯერ შეიცვალა. გუნდებმა 4-4 ლელო გაიტანეს და გაწითლებულ დროზე გიორგი პეტრიაშვილს ფინალში ‘ხარების’ გაყვანის შანსი ჰქონდა, მაგრამ რთული პოზიციიდან ჯარიმა ვერ გაიტანა. მთლიანობაში, ტრიბუნებზე შეკრებილმა მრავალრიცხოვანმა მაყურებელმა კარგი სანახაობა იხილა, მათმა შეძახილებმა კი, ორივე გუნდი თამაშის ხასიათზე მოიყვანა, განსაკუთრებით მეორე ტაიმში.

‘ყოჩებს’ შეეძლო, რომ თამაშის ბედი უფრო მშვიდად გადაეწყვიტა, მაგრამ ფეხით შეცურებულ ბურთებს ვერ გაუმკლავდა, სამი ლელო ასეთ ეპიზოდებში დაშვებული შეცდომების გამო გაუშვა და ‘ხარებს’ მატჩში რამდენჯერმე დაბრუნების შესაძლებლობა მისცა.

ანგარიში მატჩის დებიუტში ‘ხარებმა’ გახსნა, როდესაც მასპინძლები შერკინებაში დაჯარიმდნენ და გიორგი პეტრიაშვილის დარტყმა ზუსტი აღმოჩნდა. ‘ყოჩებმა’ სტუმართა წნეხს გაუძლო, საკუთარი ნახევრიდან პირველი შეტევა წამოიწყო, მე-15 წუთზე 5-მეტრიანი დერეფნიდან ჯერ მორკინალებით შეუტია, მერე ბურთი ხაზზე გავიდა და ნიკოლოზ რეხვიაშვილის ლელო ლაშა მალაღურაძემ გარდასახა. 22-ე წუთზე შერკინებაში უკვე სტუმრები დაჯარიმდნენ, რეხვიაშვილმა თავისი ნახევრიდან, დაახლოებით 55 მეტრიდან კარში დარტყმა გადაწყვიტა და მონაგარს 3 ქულა შემატა.

მასპინძლებმა შეძლეს ტერიტორიული უპირატესობის მოპოვება, 29-ე წუთზე მორიგი ჯარიმა გამოიმუშავეს და ამჯერად დარტყმა მალაღურაძემ შეასრულა, თუმცა 36-ე წუთზე რეხვიაშვილი ფეხით შეცურებულ ბურთს ვერ გაუმკლავდა, ის სამმა რუსთაველმა ლელოს ხაზთან შებოჭა, თემურ ჭიჭინაძეზე ოფლოუდის მცდელობა ბურთის დავარდნით დასრულდა და გიორგი კოშაძემ იქვე დაამიწა, ხოლო პეტრიაშვილმა გარდასახა – 13:10.

მეორე ტაიმში თამაში გაიხსნა და რეხვიაშვილმა თავისი შეცდომა დებიუტშივე გამოასწორა. ლევან გოგოლაშვილმა მეტოქის 22-ში ხაზი გაჭრა და ნიკას დროული პასი გაუკეთა, მან კი ფრთაზე სისწრაფეში ორი მბოჭავი ჩამოიცილა და მიზანს უწია. ‘ხარები’ აფეთქდა, სწრაფი, თანმიმდევრული შეტევით ჯერ 5-მეტრიან წყვეტილს უწია, იქ ჯარიმა სწრაფად გაითამაშა და ერეკლე მაჭარაშვილმა ლელო ალამთან გაიტანა. ტემპი არც ‘ყოჩებმა’ დააგდო, პირველი ბურთი გოგოლაშვილმა მოიგო და ლაშა ფოფხაძემ შეუტია, სტუმრები 5-მეტრიან წყვეტილთან დაჯარიმდნენ, დერეფნიდან მოლი ვერ დადგა, თუმცა იქვე ლაშა საჯაიამ შეუტია და კოშაძის მცდელობის მიუხედავად ლელო გაიტანა – 23:15.

ტაიმის შუაში ბოლნისელებმა 4-წუთიან ინტერვალში ორი შეცდომა დაუშვეს და 14 ქულა მიიღეს. 59-ე წუთზე ფეხით შეცურებული ბურთი ნიკა კუპრაშვილმა აიღო, მაგრამ იქვე შებოჭეს, ოვალი ხელიდან აართვეს, მორკინალების ორი მიძალების შემდეგ, რაქიდან ვაჟა ხუციშვილმა შეუტია და ლელო ძელებსშუა გაიტანა. 63-ე წუთზე ხუციშვილის ფეხით გადაკიდებული ბურთი უკვე თემო სოხაძემ ვერ დაიმორჩილა, ის დათო თაბუკაშვილმა აიტაცა და ლელოში გადადო, პეტრიაშვილმა კი ორივე გარდასახა – 23:29.

‘ყოჩებს’ მალევე შეეძლო პასუხის გაცემა, მაგრამ მიზნამდე ცოტა დააკლდა. მათ ტემპს უმატეს, 74-ე წუთზე ფაზები აკინძეს, შეტევის ფრთების შეცვლით დაცვა მოქანცეს, ფეხით თამაშის შემდეგ კონტრრაქი გაახერხეს, საბოლოოდ კი სოხაძემ ხაზი გაჭრა, ძელებსშუა გატანილი ლელოთი შეცდომა გამოასწორა და მალაღურაძემაც გარდასახვით ბოლნისელები დააწინაურა. თამაში განახლდა თუ არა სტუმრებმა ჯარიმა მოიპოვეს და პეტრიაშვილმა გაიტანა, თუმცა საპირისპირო ეპიზოდშიც იგივე მოხდა და კარის წინ 38 მეტრიდან მალაღურაძეც არ შეცდა – 33:32.

დაძაბულობამ პიკს უწია და ცენტრალური ხაზის სიახლოვეს გოგოლაშვილსა და მაჭარაშვილს შორის დაწყებული ჩხუბი გუნდურ კონფლიქტში გადაიზარდა. ვიდეო-რეფერისთან და ასისტენტებთან ეპიზოდის განხილვის შემდეგ, გიგა მშვენიერაძემ ორივე მორაგბეს წითელი ბარათი უჩვენა, ჯარიმა კი ‘ხარების’ სასარგებლოდ დაინიშნა. სათამაშო დრო უკვე ამოწურული იყო, როდესაც პეტრიაშვილმა მარჯვენა ფრთიდან კარში დაარტყა, მაგრამ მიზანმა უმტყუნა და საფინალო სასტვენმა ‘ყოჩებს’ ფინალის საგზური არგუნა.

მატჩის საუკეთესო მოთამაშედ ნიკა რეხვიაშვილი დასახელდა, ‘ხარებს’ კი ბრინჯაოს მედლები რაგბის კავშირის გამგეობის თავმჯდომარემ, ვეტერანმა ბორჯღალოსანმა დავით კაჭარავამ და ადმინისტრაციულმა დირექტორმა თორნიკე გოგებაშვილმა გადასცეს.

 

ფოტო: ანი რეხვიაშვილი