დიდი 10 | ყოჩები 13:23 ყაზბეგი

სტეფანწმინდის ‘ყაზბეგმა’ უშუალო კონკურენტი ბოლნისის ‘ყოჩები’ მისსავე მოედანზე, „რაგბი პლატოზე“ 23:13 დაამარცხა და მოწინავე ექვსეულში პოზიციები გაიმყარა.

სტეფანწმინდელებს 10 თამაშიდან 29 ქულა აქვთ და X ტურის დასრულებამდე სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზე არიან. ‘ყოჩებს’ 26 ქულა მოუგროვდა და მე-6 პოზიციაზეა.

‘ყოჩები’ სანდრო ფურცხვანიძის შორეული ჯარიმით დებიუტშივე დაწინაურდა. მალე მას მეორე დარტყმა გაუცუდდა, ტაიმის შუაში კი ‘ყაზბეგმა’ მოიპოვა სათამაშო უპირატესობა და ორი ლელო გაიტანა. პირველ ეპიზოდში, მეტოქის 22-ში დანიშნული შერკინების შემდეგ, ონისე ბაზალმა სუფთად გაჭრა ხაზი, ხოლო 28-ე წუთზე მორკინალებით შეუტია და მიზანს გელა მახარაშვილმა უწია. საბა ნიკოლაშვილმა ერთი გარდასახა.

მასპინძლები გამოფხიზლდნენ, გიორგი მელაძემ ხაზი გაჭრა და ლელომდე სულ ცოტა დააკლდა. ამ ეპიზოდს ჯარიმა მოყვა და ფურცხვანიძემ ჩამორჩენა 6 ქულამდე დაიყვანა. ტაიმის ბოლოს ნიკოლაშვილს ხელსაყრელი პოზიციიდან შეეძლო სტატუსქვოს აღდგენა, მაგრამ მისი დარტყმული ძელმა აისხლიტა – 6:12.

მეორე ტაიმის დასაწყისში ფურცხვანიძემ მეტოქეს „ვალი დაუბრუნა“ და ახლა მისი ხელსაყრელი პოზიციიდან შესრულებული ჯარიმა მოხვდა ძელს. 54-ე წუთზე ნიკოლაშვილმა სტუმრების უპირატესობა 9 ქულამდე მაინც გაზარდა, რის შემდეგაც მასპინძლები დაეუფლნენ ინიციატივას, მოლიდან გამოვარდნილი ბურთი ნიკა ბიწაძემ აიტაცა და ლელო გაიტანა, ფურცხვანიძემ კი რთული პოზიციიდან გარდასახა.

დასკვნით წუთებში დაძაბულობამ პიკს მიაღწია. ‘ყაზბეგმა’ 76-ე წუთზე მოლით დაახლოებით 15 მეტრი იარა, მას ნიკა გიგაური მოწყდა და ლელო გაიტანა. რადგან გარდასახვა არაზუსტი იყო, ‘ყოჩებს’ გარდასახული ლელოთი თამაშის გადარჩენის შანსი ჰქონდა, მაგრამ ბოლოს ჯარიმა ისევ ‘ყაზბეგმა’ გაიტანა, ზუსტი დარტყმა გუგუა ხულელიძემ შეასრულა და ბოლნისელები უქულოდ დატოვა – 13:23. მატჩის საუკეთესო მოთამაშე იაგო გელაძე გახდა.