დიდი 10 | ყოჩები 12:22 ბათუმი

ბოლნისის ‘ყოჩებმა’ მოუგებელი მატჩების სერია 10-მდე გაზარდა და ახალ წელს 13 ქულით, დიდი 10-ის ბოლო ადგილზე ხვდება.

მე-11 ტურში ქვემოქართლელები ქვეყნის ჩემპიონს, ‘ბათუმს’ მასპინძლობდნენ და ანგარიში თემო სოხაძემ ჯარიმით გახსნა, თუმცა პასუხად სტუმრებმა ბურთი ფრთაზე გაშალეს და ნიკა ნინიძემ ლელო ალამთან გაიტანა, ხოლო ბექა ურჯუკაშვილმა გარდასახა.

სოხაძემ მე-14 წუთზე ჯარიმით ჩამორჩენა მინიმუმამდე დაიყვანა. ურჯუკაშვილს საპასუხო დარტყმა დაახლოებით 25 მეტრიდან 25-ე წუთზე გაუცუდდა. სამ წუთში ზღვისპირელებმა კიდევ ერთხელ გაშალეს შეტევა მარჯვენა ფრთაზე, დურმიშხან ჯაბნიძე მბოჭავმა ვერ შეაჩერა და ლელო ალამთან გავიდა, გარდასახვა კი მიზანს ასცდა – 6:12.

პირველი ტაიმის მიწურულს და მეორეს დასაწყისში გატანილი ჯარიმა-არეკნით, სოხაძემ წონასწორობა აღადგინა, მაგრამ მალევე ურჯუკაშვილმა ჯარიმით უპასუხა და ‘ბათუმმა’ ლიდერობა დაიბრუნა. სოხაძეს კარის წინ 22 მეტრიდან ანგარიშის გათანაბრების კარგი შანსი მე-60 და 78-ე წუთებზე ჰქონდა, თუმცა დარტყმები გაუცუდდა. 71-ე წუთზე კარის წინ 40 მეტრიდან ჯარიმა ურჯუკაშვილმაც ვერ გაიტანა, თუმცა მან შეცდომა ბოლო წუთზე გამოასწორა – ის ანზორ სიჭინავას კონტრშეტევას მიყვა, ლელო გაიტანა და გარდასახვით საბოლოო შედეგი დააფიქსირა – 22:12.

‘ბათუმმა’ წელი 37 ქულით დაასრულა, მინიმუმ ხვალამდე პირველ ადგილზეა და კონკურენტის, რუსთავის ‘ხარების’ შეხვედრას ელოდება.