დიდი 10 | ყაზბეგი vs ყოჩები

2022/2023 წლების დიდი 10-ის პირველ ტურში, 2 სექტემბერს 18:30 საათზე, სტეფანწმინდის ‘ყაზბეგი’ ბოლნისის ‘ყოჩებს’ მასპინძლის სტატუსით ეთამაშება.

‘ტაოსთან’ ორრაუნდიანი ბრძოლის შედეგად დიდ 10-ში ადგილის შენარჩუნების შემდეგ, ‘ყაზბეგი’ რამდენიმე გამოცდილმა მორაგბემ დატოვა – მერაბ კვირიკაშვილმა, ირაკლი ყიასაშვილმა, გიორგი ძაბახიძემ, არსენ ტრაპაიძემ და კაპიტანმა ვაჟა მაისურაძემ. მათ ნაცვლად სტეფანწმინდელებს ‘ტაოდან’ გიორგი ჯამბურიძე, ოთარ ტალახაძე და საბა ბუხრიკიძე, ‘აკადემიადან’ გელა მახარაშვილი და ვანო ბურდული შეუერთდნენ, ასევე გიგა ჯულუხაძე (აია), გიორგი შუკაკიძე (იუნკერები) და ლაშა გედეხაური (ლოკომოტივი).

მზადება გუნდმა გვიან, 5 აგვისტოს დაიწყო და ორი ამხანაგური მატჩიც გამართა, თუმცა მეორე მათგანში, ‘აკადემიასთან’, ‘ყაზბეგმა’ ერთ-ერთი ლიდერი ლუკა დვალიშვილი დაკარგა. გუნდის მთავარი მწვრთნელი გოჩა ჩქარეული იმედოვნებს, რომ მისი შეგირდები გადაწყობას სეზონის მსვლელობისას მოახერხებენ:

„სამწუხაროდ, ლუკა დვალიშვილი ამ სეზონში ვეღარ დაგვეხმარება. მან მუხლი დაიზიანა. ის ჩვენი გუნდის ერთ-ერთი ლიდერია და პოზიციიდან გამომდინარე (9 და 10), ბევრი რამ სწორედ მასზე გვქონდა აწყობილი. გვაქვს დანაკლისი, თუმცა შევსებაც სოლიდური მივიღეთ და ვთვლი, რომ წელს უკეთესი გუნდი გვეყოლება. მზადება 5 აგვისტოს დავიწყეთ და ყაზბეგში 10-დღიანი ფიზმომზადება გავიარეთ, მას შემდეგ კი თბილისში ვვარჯიშობთ. რადგან დროში შეზღუდულები ვიყავით, გარკვეული დეტალების დახვეწა ჩემპიონატის მსვლელობისას მოგვიწევს და ვფიქრობ, 4-5 ტურის შემდეგ უკეთეს ხარისხს ვაჩვენებთ. წელს ვეცდებით, რომ გასულ სეზონზე უკეთესი შედეგი ვაჩვენოთ“.

დიდი 10-ის ფინალისტი ‘ყოჩები’, გასული სეზონის შემდეგ ორმა მოთამაშემ დატოვა: თემურ ჭიჭინაძე ‘შავ ლომში’ გადავიდა, ხოლო ლაშა ფოფხაძე ‘ბათუმში’. მათ ნაცვლად ბოლნისელებმა იოსებ გუშარაშვილი (შავი ლომი), გიორგი ბეგაძე (შავი ლომი), სანდრო ფურცხვანიძე (აია), გიორგი კურტანიძე (აია), რატი ქურასბედიანი (იუნკერები) და გიგა ბასილაშვილი (ჭადარი) დაიმატა.

გასული სეზონის საუკეთესო მწვრთნელი ვიქტორ დიდებულიძე ახალი სეზონისთვის მზადების შესახებ ამბობს:

„მზადება კლასიკურად, 7 კვირით ადრე დავიწყეთ, შუაში ერთი კვირა შესვენებით, მაგრამ კალენდარი შეიცვალა და ჩემპიონატი 10 სექტემბრის ნაცვლად 2-ში იწყება. შეკრება ვერ გავიარეთ და მიუხედავად სიცხისა, თბილისში მაქსიმალური მონდომებით ვემზადებოდით. დავიმატეთ ისეთი მოთამაშეები, რომლებიც სწრაფ, ხელდახელ თამაშს შეეფერებიან. სამწუხაროდ, პირველ სამ ტურში ტრავმების გამო სერგი ჩხაიძე და ამირან მიქაძე დაგვაკლდებიან, გიორგი ბეგაძე კი კიდევ უფრო გვიან შემოგვიერთდება. ისევე, როგორც შარშან, ყველა თამაშში მოსაგებად ვიბრძოლებთ და ვნახოთ რა შედეგი დადგება“.