დიდი 10 | ყაზბეგი 7:45 ბათუმი

საქართველოს ჩემპიონმა ‘ბათუმმა’ დიდი 10-ის მე-11 ტურის პირველ შეხვედრაში სტეფანწმინდის ‘ყაზბეგი’ 45:7 დაამარცხა და პირველ წრეში განცდილი მარცხისთვის სრულფასოვანი რევანში აიღო.

ჩემპიონმა მეტოქეს 6 ლელო გაუტანა, ბონუსიც აიღო და 25 ქულით მე-7 ადგილზე აღზევდა, თუმცა ტურის დანარჩენი შეხვედრები ხვალ და ზეგაა ჩანიშნული. რაც მთავარია ზღვისპირელები მოწინავე ექვსეულს მიუახლოვდნენ და იქ მოსახვედრად ბრძოლას 2023 წელს გააგრძელებენ. რაც შეეხება სტეფანწმინდელებს, ისინი 29 ქულით მე-3 პოზიციაზე არიან, თუმცა მე-11 ტურის დასრულებისას რამდენიმე ადგილით უკან დახევა მოუწევთ.

„რაგბი პლატოს“ ხელოვნურსაფარიან მოედანზე სტუმრები თავიდანვე დაეუფლნენ უპირატესობას და მე-13 წუთზე მოლის შემდეგ გიორგი მენაბდის მიერ გატანილი ლელოთი დაწინაურდნენ. 22-ე წუთზე ‘ბათუმმა’ თავისი ნახევრიდან კონტრშეტევა წამოიწყო, ცენტრში ხაზი ლაშა ფოფხაძემ გაჭრა, ბურთი მარცხნივ ჩათამაშდა და სანდრო სვანიძემ ალამთან ლელო გაიტანა. მამუკა ნინიძეს ორივე გარდასახვა გაუცუდდა, თუმცა პირველი ტაიმის მიწურულს და მეორეს დასაწყისში ორი ჯარიმა გაიტანა – 16:0.

51-ე წუთზე გუგუა ხულელიძემ გადაცემა ჩაჭრა და საპასუხო ლელომდე 25 მეტრი ირბინა, საბა ნიკოლაშვილმა კი გარდასახა. 4 წუთში კონტრშეტევის მორიგი მცდელობა ბათუმელთათვის წარმატებული გამოდგა. ხაზი გიორგი ფრუიძემ გაჭრა და ცენტრი გადალახა, ოფლოუდების შემდეგ მეტოქის 22-ში გაგლეჯვაზე ვანო ფუტკარაძემ ითამაშა, ჯარიმის სწრაფად გათამაშების შემდეგ კი დაჩი კოპაძის ოფლოუდით გუგა შენგელიამ ისარგებლა და ძელებსშუა შესრიალდა. ნინიძემ გარდასახვის შემდეგ ჯარიმაც გაიტანა,

63-ე წუთზე ვანო ფუტკარაძემ დერეფნიდან გადმოვარდნილი ბურთი აიტაცა, მბოჭავებს გაექცა და ლელომდე დაახლოებით 70 მეტრი ირბინა. 5 წუთში 5-მეტრიანი მოლის შემდეგ დუბლი მენაბდემ შეასრულა, ხოლო 78-ე წუთზე ცენტრში გიორგი ფრუიძემ შეუტია და  ბურთი გიორგი წიკლაურს გაატანა. მან დაახლოებით 30 მეტრი დაფარა, მცველები მიიზიდა და ოფლოუდით ლელოში ჯონდი კორტავა შეუშვა. ნინიძემ ბოლო 3 ლელოდან ორი გარდასახა – 45:7. მატჩის საუკეთესო მოთამაშე ვანო ფუტკარაძე გახდა.