დიდი 10 | ყაზბეგი 36:32 ლოკომოტივი

თბილისის ‘ლოკომოტივი’ მიმდინარე სეზონში პირველი გამარჯვების მოპოვებასთან ახლოს იყო, მაგრამ სტეფანწმინდის ‘ყაზბეგმა’ შეცდომები არ აპატია და დაძაბულ მატჩში 36:32 დაამარცხა.

„რკინიგზელებმა“ განვლილ 14 მატჩში მეოთხედ აიღეს ნუგეშ-ქულა, თუმცა წინა საფეხურზე მყოფ ‘აკადემიას’, რომელიც ტურის შეხვედრას ჩაატარებს, 18 ქულით ჩამორჩებიან, რისი აღმოფხვრაც პრაქტიკულად შეუძლებელია და ნებისმიერი მომდევნო მარცხი, ‘ლოკომოტივს’ პირველ ლიგაში ოფიციალურად დააქვეითებს.

მიუხედავად მცირე სხვაობით მოგებისა, ‘ყაზბეგმა’ 3-ით მეტი ლელოს გატანისთვის (5:2) ბონუსიც აიღო, ჯამში 38 ქულა მოაგროვა და მესამე საფეხურზე აღზევდა, ოღონდ კვირის ბოლომდე, რადგან ტურის სხვა თამაშები შაბათ-კვირასაა ჩანიშნული.

მატჩი 2 წუთის დაწყებული იყო, როდესაც ‘ყაზბეგი’ გიორგი ზაგაშვილის სინბინით დაისაჯა და ლუკა სახელაშვილმა ჯარიმით ანგარიში გახსნა. კაცნაკლულმა სტეფანწმინდელებმა პირველ ჯერზე საპასუხო ჯარიმა არ დაარტყეს, თუმცა მე-8 წუთზე ოთარ ტალახაძემ 3 ქულის აღება მაინც გადაწყვიტა. მე-18 წუთზე ნომინალურმა მასპინძლებმა დერეფნიდან მოლი დააყენეს, რასაც ფორვარდების დარტყმა და გიორგი შუკაკიძის ლელო მოყვა, მაგრამ ‘ლოკომოტივმა’ მალევე შეძლო მეტოქის 22-ში ფეხის მოკიდება და ძალისმიერი შეტევების ფაზები ტალა’ტალა ტოკაიმბაის საპასუხო ლელოთი დასრულდა.

სახელაშვილმა თბილისელები გარდასახვით დააწინაურა და მალევე უპირატესობა ჯარიმით გაზარდა, თუმცა 1 წუთში ‘ყაზბეგმა’ ლამაზი ლელო გაიტანა. ნიკა გიგაურმა მარცხენა ფრთაზე დაახლოებით ცენტრალური ხაზიდან შეუტია, ბურთი ლუკა ჩქარეულთან მოკლე ფრთაზე გაითამაშა და წონასწორობა აღადგინა, ტალახაძემ კი გარდასახვით თავისიანები დააწინაურა. სახელაშვილმა ორ წუთში მორიგი ჯარიმა გაიტანა, მაგრამ შესვენების წინ სტეფანწმინდელებმა საჯარიმო ლელო გამოიმუშავეს და ტაიმი 22:16 მოიგეს.

მეორე ტაიმის დასაწყისში გელა მახარაშვილმა ლელოთი და ტალახაძემ გარდასახვით ‘ყაზბეგის’ უპირატესობა გაზარდეს, რაზეც სახელაშვილმა ჯარიმით უპასუხა. 65-ე და 72-ე წუთებზე მანვე ორი ზუსტი დარტყმით სხვაობა 4 ქულამდე დაიყვანა. მერე ‘ლოკომოტივმა’ მეტოქის ძალისმიერი შეტევა მოიგერია და თამაშის სწრაფად განახლება განიზრახა, რათა არეული დაცვისთვის შეეტია, თუმცა ბურთი ლელოდან 5 მეტრში გიგაურს მიუვიდა და დუბლი შეასრულა, ტალახაძემ კი გარდასახა. განახლდა თუ არა შეხვედრა ‘ლოკომოტივმა’ ბურთი მოიპოვა და ახლა თავად გამოიმუშავა საჯარიმო ლელო, მაგრამ ბოლო შეტევა წარუმატებლად დასრულდა და ‘ყაზბეგმა’ უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა – 36:32.

მატჩის საუკეთესო მოთამაშე ნიკა გიგაური გახდა.