დიდი 10 | ყაზბეგი 26:26 არესი

სტეფანწმინდის ‘ყაზბეგი’ ქუთაისის ‘არესს’ ბოლომდე ებრძოლა და მე-12 ტურში ფრედ, 26:26 ეთამაშა.

აღებული ორი ქულით მოხევეები, სატურნირო ცხრილში ‘იუნკერებს’ გაუტოლდნენ (10-10 ქულა), თუმცა მეტოქეს ურთიერთშეხვედრების შედეგად ჩამორჩებიან და კვლავ ბოლო, მე-10 ადგილზე რჩებიან. მიუხედავად ამისა, მათ ლიგაში ადგილის შენარჩუნების კარგი შანსი გაუჩნდათ და ამისთვის ბოლომდე იბრძოლებენ. ‘არესს’ 22 ქულა აქვს, მე-8 პოზიციაზეა და საფლეიოფო ზონას 6 ქულით დაშორდა.

„ავჭალაზე“ გამართულ მატჩში ქუთაისელები დებიუტშივე დაწინაურდნენ. ცენტრიდან დაწყებული შეტევა მარჯვენა ფრთაზე ლელოთი იაგო ხაბულიანმა დაასრულა. მერაბ კვირიკაშვილმა ორი ჯარიმით ნომინალური მასპინძლები მე-20 წუთისთვის დააწინაურა. სტუმრებმა ლიდერობა 6 წუთში დაიბრუნეს, როდესაც რეზო არჩვაძემ რაქიდან შეუტია და ის ვერავინ შეაჩერა. 32-ე წუთზე ნიკა ძნელაძე ფინტებით დაუსხლტა მბოჭავს და ლელო გაიტანა, დავით კვირიკაშვილმა კი გარდასახვა.

‘ყაზბეგმა’ ერთი ლელო ტაიმის მიწურულს გაქვითა. მოლის შემდეგ ბურთი ხაზზე გავიდა და ნიკა გიგაურმა მცველი ერთი-ერთზე დაჯაბნა. მერაბ კვირიკაშვილის გარდასახვას დავით კვირიკაშვილმა ორი ჯარიმით უპასუხა და ‘არესი’ შესვენებაზე 10-ქულიანი უპირატესობით გაიყვანა – 23:13.

მეორე ტაიმი ‘ყაზბეგმა’ ზურგქარში, უკეთ ჩაატარა. „მეკომ“ ჯარიმით ჩამორჩენა 49-ე წუთზე შეამცირა, 62-ეზე კი ფეხით მოგერიებული ბურთი მათთვის სასარგებლოდ ახტა და კონტრშეტევა ლელოთი ლუკა ალიბეგაშვილმა დაასრულა, ხოლო კვირიკაშვილმა გარდასახვით წონასწორობა აღადგინა. ‘არესმა’ მატჩის მიწურულს მოახერხა თანმიმდევრული შეტევების ორგანიზება და 77-ე წუთზე გატანილი ჯარიმით კიდევ ერთხელ დაწინაურდა, თუმცა მატჩის საუკეთესო მოთამაშე მერაბ კვირიკაშვილმა ორ წუთში უპასუხო და საბოლოო შედეგი დააფიქსირა – 26:26.

 

ფოტო: მარიამ გაგნიძე