დიდი 10 | ყაზბეგი 20:17 ხარები

სტეფანწმინდის ‘ყაზბეგმა’ რუსთავის ‘ხარებს’ 20:17 სძლია და დიდ 10-ში მოპოვებული მეორე გამარჯვებით, უძლიერესთა შორის ადგილის შენარჩუნებისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა.

თამაში რუსთავში გაიმართა და პირობითი სტუმარი ‘ხარები’ მე-20 წუთზე დაწინაურდა – 5-მეტრიანი დერეფნიდან აგორებული მოლი გიორგი გოგუაძის ლელოთი დასრულდა და გიორგი ელოშვილმა გარდასახვა შეასრულა. ‘ყაზბეგმა’ მატჩის განახლებისთანავე უპასუხა, რუსთაველებმა პირველი ბურთი ვერ აიღეს, ბექა გუგეშაშვილმა რაქის შემდეგ ხაზი გაჭრა, მას ოთარ კილასონია მიყვა და მარცხენა ალამთან ლელო გაიტანა. გარდასახვა არაზუსტი იყო.

ორმხრივი შეცდომების შემდეგ, გიორგი ნათელაშვილმა მარჯვენა ფრთაზე გარღვევაზე გიორგი კოშაძე გაიყვანა და რუსთაველთა კაპიტანმა ლელომდე 35 მეტრი ირბინა, რითაც საკუთარი გუნდის 7-ქულიანი უპირატესობა აღადგინა. ‘ყაზბეგმა’ 5 წუთში უპასუხა, როდესაც ხაზით შეუტია და ლევან ქუშაშვილმა დროული პაუზის შემდეგ ფრთაზე ლუკა ალიბეგაშვილი გაიყვანა. გარდასახვა კვლავ არაზუსტი იყო, თუმცა ირაკლი ყიასაშვილმა შესვენების წინ ჯარიმა გაიტანა და ‘ყაზბეგი’ 13:12 დააწინაურა.

მეორე ტაიმი ‘ხარების’ ხელდახელ, მრავალფაზიანი შეტევით დაიწყო, გიორგი ელოშვილმა ხაზი გაჭრა, ბოლო მბოჭავი ხელით ჩამოიშორა და ლელო გაიტანა, მაგრამ არცთუ რთული პოზიციიდან გარდასახვა გაუცუდდა. ‘ყაზბეგმა’ 55-ე წუთზე დაიბრუნა უპირატესობა, როდესაც შერკინების შემდეგ ლევან ქუშაშვილმა ერთი მოძრაობით გაჭრა ხაზი და ლელომდე ირბინა, ხოლო ყიასაშვილმა გარდასახვით სტეფანწმინდელთა უპირატესობა 3 ქულამდე გაზარდა – 20:17.

‘ხარებმა’ სცადა თამაშის ბედის შემობრუნება, თუმცა ერთის მხრივ შეცდომების დაშვება გააგრძელა, მეორეს მხრივ კი ‘ყაზბეგმა’ ითამაშა დაცვაში თავდადებით და უმნიშვნელოვანესი გამარჯვება ჩაიწერა. შედეგად, სტეფანწმინდელებს 16 თამაშის შემდეგ 16 ქულა მოუგროვდათ და უკვე 6-ით უსწრებენ ‘იუნკერებს’, რომელიც ტურის მატჩს კვირას, ქუთაისში ‘არესთან’ გამართავს. ‘ხარები’ 40 ქულით ‘აიას’ გაუტოლდა და მასთან მეხუთე-მეექვსე ადგილებს იყოფს. ორივე გუნდს საჩემპიონო ფლეი ოფში თამაში უკვე განაღდებული აქვთ.

განვლილი მატჩის საუკეთესო მოთამაშე არსენ ტრაპაიძე გახდა.

 

ფოტო: ზურა მაჩიტიძე