დიდი 10 | ყაზბეგი 17:19 ლელო

თბილისის ‘ლელო-სარასენსმა’ სტეფანწმინდის ‘ყაზბეგს’ გაწითლებულ დროზე გამარჯვების ჯარიმა გაუტანა და დრამატულ მატჩში 19:17 დაამარცხა.

სეზონში მოპოვებული მე-5 გამარჯვების შემდეგ, ‘ლელოს’ 23 ქულა მოუგროვდა, მე-5 ადგილზეა და 1 ქულით ჩამორჩება ‘ყაზბეგს’.

მართალია ნომინალური მასპინძლები სტეფანწმინდელები იყვნენ, მაგრამ თამაში დიდ დიღომში, „ლელო არენაზე“ გაიმართა. პირველ ტაიმში ლელოს გატანის შანსი ორივე გუნდს ჰქონდა. მაყურებელმა ლამაზი ეპიზოდები იხილა, თუმცა მეტოქეებმა მხოლოდ ჯარიმებით 9 ქულა აიღეს. მატჩის დებიუტში ირაკლი ყიასაშვილმა და ოთარ ტალახაძემ გაცვალეს დარტყმები, ტაიმის მიწურულს კი ყიასაშვილმა ‘ლელო’ 6:3 დააწინაურა.

მეორე ტაიმი ‘ყაზბეგის’ შეტევებით დაიწყო. სტეფანწმინდელებმა ფაზები კარგად აკინძეს, ბექა გუგეშაშვილმა რაქიდან დაუცველ ნულოვან ზონაში შეუტია, მას გიგა ჯულუხაძე მიყვა და ლელო გაიტანა. გარდასახვა არაზუსტი იყო და ყიასაშვილმა ჯარიმით საკუთარ გუნდს უპირატესობა 51-ე წუთზე დაუბრუნა, ორ წუთში მას 40 მეტრიდან გატანილი არეკნით ტალახაძემ უპასუხა, 61-ეზე კი მანვე ჯარიმა გაიტანა და ‘ყაზბეგი’ 5 ქულით დააწინაურა.

66-ე წუთზე სტეფანწმინდელები ჰაერში თამაშისას შეცდნენ, კონტრშეტევა მიიღეს, ფრთაზე შალვა აფციაური გაიქცა და ლელოთი წონასწორობა აღადგინა. ყიასაშვილის გარდასახვა ზუსტი იყო და ‘ყაზბეგმა’ გააფთრებით შეუტია. ‘ლელომ’ ლელო ჯარიმის ხარჯზე დაიცვა და სინბინით ვასილ ზღუდაძე დაკარგა, ტალახაძემ კი ჯარიმა გაიტანა. კაცნაკლულმა თბილისელებმა დასკვნით წუთებზე შეძლეს გასატანი ჯარიმის გამომუშავება, ბექა მამუკაშვილი ზუსტი იყო და საკუთარ გუნდს 19:17 მოაგებინა. მატჩის საუკეთესო მოთამაშე ირაკლი ყიასაშვილი გახდა.