დიდი 10 | ყაზბეგი 12:43 ყოჩები

ბოლნისის ‘ყოჩებმა’ დიდი 10-ის მიმდინარე სეზონში მიჯრით მესამე გამარჯვება მოიპოვა. მეოთხე ტურში მან „ავჭალაზე“ ‘ყაზბეგს’ ბონუსით, 43:12 მოუგო და 13 ქულით მესამე ადგილზეა.

პირველ ტურში ჩემპიონ ‘აიასთან’ აღებული ერთადერთი ნუგეშ-ქულით ბოლო ადგილზეა ‘ყაზბეგი’.

ბოლნისელებმა მატჩის ბედი პირველსავე ტაიმში გადაწყვიტეს, როდესაც ხუთი უპასუხო ლელო გაიტანეს და 33:0 დაწინაურდნენ. დუბლი ლევან გოგოლაშვილმა შეასრულა; 23-ე წუთზე ‘ყოჩების’ სწრაფი, ხელდახელ შეტევა ნიკოლოზ რეხვიაშვილის ლელოთი დასრულდა; მერე დუბლი ლაშა საჯაიამ მოლიდან გატანილი ლელოებით შეასრულა, ლაშა მალაღურაძემ კი ოთხი გარდასახა.

‘იუნკერებმა’ მეორე ტაიმში ჯერ ბექა გუგეშაშვილის ლელოთი უპასუხა, მერე ლევან გენებაშვილისა (67 წთ.) და ლაშა საჯაიას (72 წთ.) სინბინის შედეგად რიცხობრივი უპირატესობა მოიპოვა და 74-ე წუთზე საჯარიმო ლელოც გამოიმუშავა. 2-კაცნაკლულმა ‘ყოჩებმა’ მაინც შეძლო სიტუაციის გამოსწორება, მეტოქის ნახევარზე ჯარიმა გამოიმუშავა და ის მალაღურაძემ 3 ქულად აქცია, თემურ ჭიჭინაძის მიერ წამოწყებული კონტრშეტევა კი, ლელოდ ნიკოლოზ რეხვიაშვილმა აქცია. მალაღურაძემ გარდასახა და ‘ყოჩებმა’ 43:12 გაიმარჯვა.

მატჩის საუკეთესო მოთამაშედ ლევან გოგოლაშვილი დასახელდა.

 

ფოტო: გოგიტა ბუხაიძე