დიდი 10 | ყაზბეგი 0:29 აია

თითქმის მთელი თამაში კაცნაკლულად მობურთალმა ქუთაისის ‘აიამ’, სტეფანწმინდის ‘ყაზბეგს’ 4 უპასუხო ლელო გაუტანა და „რაგბი პლატოზე“ მშრალი ანგარიშით, 29:0 დაამარცხა.

უამინდობის გამო შეხვედრა ხელოვნურსაფარიან მოედანზე გაიმართა. ნომინალურ მასპინძლებს – სტეფანწმინდელებს ამ დღეს არაფერი გამოსდიოდათ და სეზონში მეორე მარცხი იწვნიეს, ქუთაისელებს კი ლიდერებთან მიახლოვების შესაძლებლობა მიეცათ. ისინი 17 ქულით მე-4 ადგილამდე აღზევდნენ, ‘ყაზბეგი’ კი 19 ქულით მე-3 პოზიციაზე რჩება.

შეხვედრა 7 წუთის დაწყებული იყო, როდესაც შეტევაში, მეტოქის 5-მეტრიანში, ‘აიას’ ფიჯელი მეორეხაზელი ნაპოლიონ ბეკევა რაქში უხეშად შევიდა და ეპიზოდის გადამოწმების შემდეგ წითელი ბარათით დაისაჯა. სტეფანწმინდელები მეტოქეს შერკინებაში ჯაბნიდნენ, მაგრამ შეცდომებს უშვებდა და შეტევების ორგანიზებას ვერ ახერხებდა. 28-ე წუთზე ქუთაისელებმა მოლის შემდეგ ნოდარ სამხარაძის ლელოთი ანგარიში გახსნეს, ბონდო აბაშიძემ კი გარდასახვიდან 3 წუთში ჯარიმაც გაიტანა და ტაიმი 10:0 დასრულდა.

მეორე ტაიმის დასაწყისში სინბინში ბექა გუგეშაშვილი გაუშვეს, ორიოდე წუთში ‘აიამ’ მოლით 5 მეტრი დაფარა და სამხარაძემ მეორე ლელო გაიტანა. 53-ე წუთზე ქუთაისელები მოედანზე 13 კაცით დარჩნენ, რადგან ყვითელი ბარათი ილია გაბისონიამ მიიღო, თუმცა ლელო კვლავ იქით გაიტანეს. სტეფანწმინდელებმა ფეხით გადაკიდებული ბურთი ვერ დაიმორჩილეს, ის მარჯვენა ფრთაზე ჩათამაშდა და სამხარაძემ თავი მესამედ გამოიჩინა, აბაშიძემ კი ორივე გარდასახა. მატჩის მიწურულს ‘ყაზბეგი’ კიდევ ერთხელ შეცდა, ‘აიას’ სწრაფი კონტრშეტევა გივი ლეჟავას ლელოთი დასრულდა და ქუთაისელებმა 29;0 იმარჯვეს.

მატჩის საუკეთესო მოთამაშე ნოდარ სამხარაძე გახდა.

 

ფოტო: თაკო კიკალიშვილი