დიდი 10 | ფინალისტები ბათუმსა და ქუთაისში გაირკვევა

შაბათ-კვირას შიდა რაგბის მთავარ მოვლენებს დასავლეთ საქართველო უმასპინძლებს. 29 მაისს, 2020/2021 წლების გარდამავალი სეზონის ფინალისტები ბათუმსა და ქუთაისში გაირკვევა, ხოლო კვირას, ასევე ქუთაისში, დიდი 10-ის მომავალი სეზონის ბოლო ბინადარი გამოვლინდება.

რეგლამენტის თანახმად, თასის ნახევარფინალის ფრედ დასრულების შემთხვევაში დაინიშნება ორი 10-წუთიანი დამატებითი ტაიმი. თუ აქაც ფრე დაფიქსირდა, ფინალში გადის გუნდი, რომელმაც ამ თამაშში: ა) გაიტანა მეტი ლელო; ბ) მიიღო ნაკლები ბარათი (ჯერ წითელი, მერე ყვითელი); გ) რეგულარულ ჩემპიონატში დაიკავა უკეთესი ადგილი.

29 მაისი. ბათუმი. 14 საათი. ბათუმი – აკადემია

14 საათზე 2019 წლის საქართველოს ჩემპიონი ‘ბათუმი’ თბილისის ‘აკადემიას’ მასპინძლობს. მასპინძლებმა რეგულარული გათამაშება 35 ქულით მეორე ადგილზე დაასრულეს და თასის ნახევარფინალში თავიდანვე მოხვდნენ, ხოლო „მხატვრებმა“ მეოთხედფინალში ‘ლოკომოტივს’ 24:11 სძლიეს.

წელს ამ გუნდებმა ერთმანეთში უკვე ორჯერ ითამაშეს. რეგულარული გათამაშების მეორე ეტაპის პირველ ტურში, ‘აკადემია’ ბათუმს ეწვია და იქიდან ბონუსი წამოიღო. ზღვისპირელებმა 23:17 გაიმარჯვეს. მეორე წრეშიც მცირედი სხვაობა დაფიქსირდა და ამჯერადაც ‘ბათუმმა’ მოიგო – თბილისში 20:17.

აღსანიშნავია, რომ ბათუმელებს თვეზე მეტია, 24 აპრილის შემდეგ არ უთამაშიათ, რადგან დასკვნით ტურში ზღვისპირეთში ‘ლოკომოტივი’ არ ჩავიდა. მანამდე ‘ბათუმს’ 11-მატჩიანი წაუგებელი სერია ქონდა. ბოლოს ისინი 2020 წლის 12 დეკემბერს, ქუთაისში ‘აიასთან’ დამარცხდნენ, ხოლო საკუთარ ქალაქში ფეხი ერთხელაც არ დასცდენიათ.

‘აკადემიამ’ მეორე ეტაპზე ჩატარებული 6 მატჩიდან მხოლოდ ორი მოიგო, ორივე ‘ყოჩებთან’, თუმცა პირველ წრეში ქულათა საკმარისი მარაგი დააგროვა და საბოლოოდ 23 ქულით მესამე ადგილი დაიკავა, ერთი კვირის წინ კი, მეოთხედფინალი დამაჯერებლად მოიგო.

29 მაისი. ქუთაისი. 17 საათი. აია – ყოჩები

17 საათზე წლევანდელი რეგულარული გათამაშების ლიდერი ‘აია’, საკუთარ „აია არენაზე“ ბოლნისის ‘ყოჩებს’ მასპინძლობს. ქუთაისელებმა მეორე ეტაპის სტარტზე პირველი მატჩი დათმეს, მაგრამ მერე ზედიზედ ხუთი შეხვედრა მოიგეს და 36 ქულით მდევრებისთვის მიუწვდომლები გახდნენ, რითაც ნახევარფინალში მასპინძლობასთან ერთად, საკუთარ ქალაქს ფინალური შეხვედრის ჩატარების უფლებაც მოუპოვეს.

ბოლნისელებმა პირველ ეტაპზე 5 თამაში მოიგეს და ერთი ფრედ დაასრულეს. მეორე ტურში ‘ყოჩები’ ‘აიას’ ქუთაისში ეწვია და 10:35 დამარცხდა. ‘აიამ’ მეორე წრეში, თბილისშიც დამაჯერებლად მოიგო – 44:17, თუმცა ფლეი ოფში შესაძლოა სხვა თამაში ვიხილოთ და ეს ორივე გუნდში კარგად ესმით.

‘ყოჩებმა’ მეორე ეტაპზე მხოლოდ ორი თამაში მოიგო, ორივე ‘ლოკომოტივთან’ და 18 ქულით მეხუთე ადგილზე გავიდა, მეოთხედფინალში კი, ‘იუნკერებს’ გამარჯვების ლელო ბოლოსწინა წუთზე გაუტანა, გარდასახვაც ზუსტი იყო და ქვემოქართლელებმა 29:27 იმარჯვეს.

30 მაისი. ქუთაისი. 16 საათი. არესი – არმია

კვირას ქუთაისში კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართება. დიდი 10-ის დებიუტანტი, ადგილობრივი ‘არესი’, რომელმაც ჩემპიონატი მე-9 ადგილზე დაასრულა, თბილისის ‘არმიასთან’ უძლიერესთა შორის დასარჩენ განმეორებით შეხვედრას 16 საათზე გამართავს.

‘არმიამ’ პირველი ლიგის ლიდერობა ბოლო ტურში დაკარგა და გადათამაშებაში ჩაერთო. პირველ მატჩში ისინი ‘არესს’ „ავჭალაზე“ დაუხვდნენ და 6:26 დამარცხდნენ. იმისათვის, რომ ქუთაისელებმა ლიგაში ადგილი შეინარჩუნონ, შინ 20 და მეტი ქულის სხვაობით არ უნდა დამარცხდნენ.