დიდი 10 სამ დღეში იწყება

2022/2023 წლების დიდი 10-ის გათამაშების დაწყებამდე სამი დღე რჩება. 2 და 3 სექტემბერს ახალი სეზონის ორ-ორი თამაში გაიმართება, ერთი კი კვირას, 4 სექტემბერსაა ჩანიშნული.

ჩემპიონატი პარასკევს, 16:30 საათზე „ხვამლი არენაზე“ გაიხსნება, სადაც დებიუტანტი ‘ხვამლი’ ჩემპიონ ‘ბათუმს’ მასპინძლობს. ამავე დღეს 18:30 საათზე სტეფანწმინდის ‘ყაზბეგი’ ვიცე-ჩემპიონ ბოლნისის ‘ყოჩებს’ ერკინება.

შაბათს, 16:30 საათზე ‘არესი’ ქუთაისში, „აია არენაზე“ რუსთავის ‘ხარებს’ მასპინძლობს, ხოლო 18:30 საათზე დიდ დიღომში, „ლელო არენაზე“ თბილისური დერბია, რომელშიც ‘ლოკომოტივი’ ‘ლელოს’ ეთამაშება. პირველი ტური 4 სექტემბერს ქუთაისში დასრულდება. „აია არენაზე“ ‘აია’ თბილისის ‘აკადემიას’ დაუხვდება.

რაგბის კავშირის გამგეობის 2022 წლის 17 ივნისის გადაწყვეტილებით, 2023-2024 წლების დიდი 10-ის გათამაშებისთვის მონაწილეთა რაოდენობა 8 გუნდამდე შემცირდება, რისი მიზანიც შიდა ჩემპიონატის დონის ამაღლებაა.

წლევანდელი ჩემპიონატი ორ ეტაპად გაიმართება. პირველი ეტაპი, რეგულარული გათამაშება ორ წრედ, მიმოსვლით (18 ტურად) ჩატარდება. რეგულარული გათამაშების დასრულების შემდეგ, ექვსი მოწინავე გადის საჩემპიონო ფლეი ოფში, რომელიც გასული ჩემპიონატის მსგავსად, ოთხ ტურად ჩატარდება.

პირველ ტურში (მესამედფინალი) მესამეადგილოსანი მეექვსეს, ხოლო მეოთხეადგილოსანი მეხუთეს მასპინძლობს და გამარჯვებულები გადიან მეორე ეტაპზე, დამარცხებულები კი ჩემპიონატს ემშვიდობებიან. პირველ ტურში ორი მოწინავე გუნდი ისვენებს.

ფლე ოფის მეორე ტურში, შესარჩევ ფინალში, რეგულარული გათამაშების პირველადგილოსანი მეორეადგილოსანს მასპინძლობს და გამარჯვებული დიდ ფინალში გადის (და ისვენებს მესამე ტურში), წაგებული კი წინასწარ ფინალში ითამაშებს. ამავე ტურში (გასავარდნ ფინალში) მესამედფინალის გამარჯვებულები ერთმანეთს უკეთესი ნომრის მქონე გუნდის მოედანზე შეხვდებიან და მოგებული წინასწარ ფინალში გადის, წაგებული კი ჩემპიონატს ემშვიდობება.

მესამე ტურში, შესარჩევ ფინალში წაგებული გუნდი გასავარდნ ფინალში მოგებულს მასპინძლობს და გამარჯვებული ფინალის საგზურს იღებს, ხოლო დამარცხებული ჩემპიონატს მესამე ადგილზე ასრულებს. დიდი ფინალი რაგბის კავშირის მიერ წინასწარ შერჩეულ სტადიონზე გაიმართება.

რაც შეეხება დაქვეითებას, დიდ 10-ს პირდაპირ ტოვებენ რეგულარულ გათამაშებაში X და IX ადგილზე გასული გუნდები. 2023-2024 წლების დიდი 10-ის საგზურისთვის, VIII ადგილოსანი პირველი ლიგის გამარჯვებულს, ხოლო VII ადგილოსანი პირველი ლიგის მეორეადგილოსანს ეთამაშება. თამაშები ერთრაუნდიანია და ის პირველ ლიგელთა მოედანზე გაიმართება.