დიდი 10 | რეგულარული ‘აიამ’ მოიგო, ერთ კვირაში ფლეი ოფები იწყება

ქუთაისის ‘აიამ’ კიკეთის ‘იუნკერებს’ ბონუს-ქულით სძლია და დიდი 10-ის გარდამავალი სეზონის რეგულარული გათამაშების გამარჯვებული გახდა.

„აია არენაზე“ გამართული მატჩის პირველ ტაიმში მასპინძლებმა ორი ლელო გაიტანეს. დავით კლდიაშვილმა ანგარიში მატჩის დებიუტში გახსნა და სანდრო ფურცხვანიძემ გარდასახა, მიხეილ ბაბუნაშვილმა კი 5 ქულა შესვენების წინ მიითვალა.

განახლდა თუ არა შეხვედრა ზურაბ ძნელაძემ მესამე ლელო მიითვალა და გიორგი ბაბუნაშვილმა გარდასახა. 54-ე წუთზე გიორგი მჭედლიშვილის ლელომ და რამაზ ხარაზიშვილის გარდასახვამ სტუმრებს თამაშში დარჩენის შესაძლებლობა მისცა. ძნელაძემ 4 წუთში დუბლი შეასრულა და ‘აიას’ ბონუს-ქულის აღების შანსი შეუნარჩუნა. რატი ქურასბედიანმა სიტუაცია შემოაბრუნა და მას შემდეგ, რაც ხარაზიშვილმაც გარდასახა, სხვაობა 10 ქულამდე დავიდა. თუმცა მატჩის მიწურულს მასპინძელთა მეხუთე, ბონუსის მომტანი ლელო თორნიკე აქუბარდიამ 77-ე წუთზე გაიტანა და ანგარიში აღარ შეცვლილა – 29:14.

მატჩის საუკეთესო მოთამაშედ სანდრო ფურცხვანიძე დასახელდა. ‘აიამ’ 36 ქულა მოაგროვა და რეგულარული გათამაშება პირველ ადგილზე დაასრულა. ‘იუნკერები’ 18 ქულით მე-4 ადგილზე დარჩა და ფლეი ოფში პირველივე ეტაპიდან ჩაერთვება.

ბათუმი – ლოკომოტივი

დასკვნითი ტურის გასამართად, თბილისის ‘ლოკომოტივი’ ‘ბათუმს’ არ ეწვია. მიზეზი თბილისელთა ერთ-ერთი მოთამაშისთვის კოვიდ-ვირუსის დადასტურებაა. მიუხედავად ამისა, ‘ლოკომოტივი’ ვალდებული იყო გუნდის შემადგენლობის სხვა წევრებისთვის ტესტი აეღოთ და დადებითი პასუხების შემთხვევაში ბათუმში ჩასულიყო, რაც არ მოხდა.

შედეგად, დებულების თანახმად, ‘ბათუმს’ ცხრილში გამარჯვება და ბონუს-ქულა დაერიცხება – 30:0. ამ ფაქტთან დაკავშირებით, შეიკრიბება და იმსჯელებს სადისციპლინო კომიტეტი და არაა გამორიცხული, ‘ლოკომოტივს’ დამატებითი სანქციებიც დაეკისროს.

აკადემია 32:31 ყოჩები

თბილისის ‘აკადემიამ’ ბოლნისის ‘ყოჩებს’ გაწითლებულ დროზე დავით მოძღვრიშვილის მიერ გატანილი ჯარიმით 32:31 სძლია. სეზონის მიწურულს გუნდებმა ქომაგებს გახსნილი, ლაღი რაგბი შესთავაზეს და თამაშით ასიამოვნეს.

ანგარიში ლაშა მალაღურაძემ ჯარიმით გახსნა და მე-14 წუთზე დავით ხიდეშელის ლელო გარდასახა. საბა ფესვიანიძემ საპასუხო ლელო ტაიმის შუაში გაიტანა და სანდრო მარგიანმა გარდასახა. სამ წუთში ნიკა ბიწაძემ ლელოთი და მალაღურაძემ გარდასახვით, ‘ყოჩებს’ 10-ქულიანი უპირატესობა დაუბრუნა და ტაიმი 17:7 დასრულდა.

სანდრო მარგიანმა მეორე ტაიმის დასაწყისში ჯარიმა გაიტანა, რაზეც თემურ სოხაძემ 53-ე წუთზე ლელოთი უპასუხა და მალაღურაძემ სტუმრები გამარჯვებას დააახლოვა. მალაღურაძემ 62-ე წუთზე მეორე ლელო გაიტანა და გარდასახა. მანამდე ირაკლი ბეგაძეს ერთი ლელო ქონდა გატანილი, თუმცა ‘ყოჩები’ 16 ქულას იგებდა (31:15) და თითქოს მატჩის ბედიც გადაწყვეტილი იყო.

მაგრამ ‘აკადემიამ’ ბოლომდე იბრძოლა და 70-ე წუთზე თორნიკე ზოიძემ, ხოლო 74-ეზე სანდრო მარგიანმა ლელოები გაიტანეს, დავით მოძღვრიშვილმა ორივე გარდასახა და დასკვნითმა წუთებმა აზრი შეიძინა. გაწითლებულ დროზე თბილისელებმა ჯარიმა გამოიმუშავეს, მოძღვრიშვილმა გაიტანა და ‘აკადემიას’ 32:31 მოაგებინა.

ფლეი ოფები

რეგულარული გათამაშების დასრულების შემდეგ, ლიდერმა ‘აიამ’ და მისმა მდევარმა ‘ბათუმმა’ ნახევარფინალის საგზურები პირდაპირ მოიპოვეს და მომავალ კვირას დაისვენებენ.

მათი მეტოქეები 22-23 მაისს დედაქალაქში გაირკვევა. მესამეადგილოსანი თბილისის ‘აკადემია’ ‘ლოკომოტივს’ მასპინძლობს, ხოლო ‘იუნკერები’ ‘ყოჩებს’ ეთამაშება.

 

ფოტო: აჩიკო გეგენავა, ანი რეხვიაშვილი