დიდი 10 ორთვიანი შესვენების შემდეგ განახლდება

ორთვიანი ზამთრის შესვენების შემდეგ, რომელიც კოვიდ-პანდემიის გამო გაიწელა, ხვალ დიდი 10 მე-11 ტურის თამაშებით განახლდება.

პირველი თამაში უჩვეულო დროს, ხუთშაბათსაა დაგეგმილი – ქუთაისურ დერბიში ‘არესი’ ‘აიას’ ეთამაშება. და შეხვედრა 16 საათზე დაიწყება. ჩემპიონატის განახლების წინ გუნდები 20-20 ქულით სატურნირო ცხირლში მეზობლად არიან – მე-6 და მე-7 ადგილებს იყოფენ, ოღონდ ქვეყნის მოქმედ ჩემპიონს ერთი გამოტოვებული თამაში აქვს ‘იუნკერებთან’. პირველ წრეში ‘არესმა’ დაძაბულ ბრძოლაში სახელოვანი მეტოქე 13:12 დაამარცხა.

18 თებერვალს თბილისში, „ავჭალაზე“ 15 საათზე, კიკეთის ‘იუნკერები’ სტეფანწმინდის ‘ყაზბეგს’ მასპინძლობს. ეს გუნდებიც სატურნირო ცხრილში მეზობლად არიან და უძლიერესთა შორის ადგილის შესანარჩუნებლად იბრძვიან. ‘იუნკერებს’ 9 თამაშიდან ამდენივე ქულა აქვს და მე-9 ადგილზეა, ‘ყაზბეგი’ კი 10 თამაშიდან 3 ქულით ბოლო საფეხურზეა. ამრიგად, ორივე გუნდისთვის ეს თამაში დიდ 10-ში დასარჩენად უმნიშვნელოვანესია. პირველ წრეში ‘იუნკერებმა’ 32:17 მოიგო.

19 თებერვალს რუსთავში ‘ხარები’ თბილისის ‘აკადემიას’ ეთამაშება. მასპინძლები 33 ქულით მესამე პოზიციაზე არიან და რეგულარული ჩემპიონატის მოწინავე ორეულში დასრულებისთვის იბრძვიან. „მხატვრებს“ 26 ქულით, მეოთხე ადგილს იკავებენ და მისი შენარჩუნების გარდა, კონკურენტთან ჩამორჩენის შემცირების შანსიც აქვთ. პირველ წრეში რუსთაველებმა თბილისში 26:22 მოიგეს.

ორი თამაშია 20 თებერვალს. 14 საათზე დიდ დიღომში ‘ლელო’ ლიდერ ‘ბათუმს’ მასპინძლობს. თბილისელები 26 ქულით მეხუთე ადგილზეა არიან, ‘ბათუმს’ კი მხოლოდ ერთი მარცხი აქვს, 43 ქულა მოაგროვა და მის ლიდერობას არაფერი ემუქრება. პირველ წრეში ზღვისპირელებმა მეტოქე ბონუსით, 40:15 დაამარცხეს.

16 საათზე თბილისის ‘ლოკომოტივი’ „ავჭალაზე“ ბოლნისის ‘ყოჩებს’ მასპინძლობს. რკინიგზელებს 20 ქულა აქვთ და რადგან ქუთაისურ კლუბებს დამატებითი მაჩვენებლებით ჩამორჩებიან, სატურნირო ცხრილში მე-8 ადგილს იკავებენ. მოწინავე ექვსეულში შესვლისთვის მათთვის ყველა ქულას დიდი მნიშვნელობა აქვს. ‘ყოჩები’ 34 ქულით მეორე ადგილზეა და უკეთესი ფლეი ოფის ბადის მისაღებად, ამ პოზიციის შენარჩუნებას ეცდება. პირველ წრეში ბოლნისელებმა მეტოქე 21:17 დაამარცხეს.