დიდი 10 | მეორე ფინალისტი „რაგბი პლატოზე“ გაირკვევა

29 მაისს ბოლნისის ‘ყოჩები’ და რუსთავის ‘ხარები’ „რაგბი პლატოზე“ დიდი 10-ის 2021/2022 წლების სეზონის ფინალის საგზურისთვის შეიბმებიან.

თამაში 17 საათზე დაიწყება და გამარჯვებული გადამწყვეტ მატჩში 5 ივნისს, ‘ბათუმს’ შეერკინება, რომელმაც ფინალის საგზური უკვე მოიპოვა, დამარცხებული კი ბრინჯაოს მედლებს დაეუფლება.

რეგულარული გათამაშება ბოლნისელებმა მეორე ადგილზე დაასრულეს, რის გამოც ფლეი ოფში მეორე წრიდან ჩაერთვნენ და ‘ბათუმთან’ დაძაბულ მატჩში 7:16 დამარცხდნენ. შედეგად, ზღვისპირელები ფინალში გავიდნენ, ‘ყოჩებს’ კი იგივე მიზნისთვის ბრძოლა მოუწევთ.

რუსთაველებმა რეგულარული სეზონი მესამე ადგილზე დაასრულეს და ფლეი ოფის ორივე ეტაპზე საკუთარი მოედნის უპირატესობით ისარგებლეს. მათ ჯერ ქუთაისის ‘აია’ დაამარცხეს 28:19, მერე ‘ლელო’ 22:18 და წინასწარ ფინალში გავიდნენ.

მიმდინარე სეზონში ‘ყოჩებმა’ და ‘ხარებმა’ ურთიერთშეხვედრებში თითო გამარჯვება მოიპოვეს. სეზონის სტარტზე, პირველ ტურში რუსთავში მასპინძლებმა 35:12 მოიგეს, მეორე წრეში კი ბოლნისელებმა „რაგბი პლატოზე“ რევანში აიღეს – 32:25.

1990 წლიდან დღემდე, ‘ყოჩებს’ 5 ფინალი აქვს ნათამაშები და მათგან სამი მოიგო, ორში კი მარცხი განიცადა. ბოლნისელებმა გადამწყვეტ მატჩში ბოლოს 2007 წელს ითამაშეს და ‘ლელოს’ 15:9 ძლიეს. სულ მათ საქართველოს ჩემპიონატი 3-ჯერ აქვთ მოგებული (1997, 1998, 2007), 4-ჯერ (1996, 1999, 2000, 2003) ვერცხლის მედლებს დასჯერდნენ, 5-ჯერ (2001, 2006, 2008, 2010, 2015) კი ბრინჯაოს. ‘ყოჩებმა’ მედლები ბოლოს 2015 წელს მოიპოვა.

‘ხარებს’ არსებობის განმავლობაში ოთხი მედალი აქვს მოპოვებული – 1 ოქრო, 2 ვერცხლი და ერთი ბრინჯაო. რუსთაველებმა პირველი ადგილი შორეულ 1993 წელს დაიკავეს, 1994 წელს ვერცხლის, ხოლო 1997 წელს ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს. ‘ხარებმა’ ფინალში ერთადერთხელ, 2019 წელს ითამაშა ‘ბათუმთან’ და 11:36 დამარცხდა.

პ.ს.: საქართველოს ჩემპიონატის ფორმატის ცვლილებებიდან გამომდინარე, ჩემპიონის გამოსავლენად ყოველ წელს ფინალური მატჩი არ იმართებოდა.