დიდი 10 | ლოკომოტივი 41:37 ყაზბეგი

თბილისის ‘ლოკომოტივმა’ და სტეფანწმინდის ‘ყაზბეგმა’ „ხვამლი არენაზე“ მისულ გულშემატკივარს უხვქულიანი თამაში შესთავაზეს. გუნდებმა ჯამში 11 ლელო გაიტანეს და რკინიგზელებმა 41:37 იმარჯვეს.

ამ მოგების შემდეგ ‘ლოკომოტივს’ 8 თამაშიდან 15 ქულა მოუგროვდა და მე-7 ადგილზეა, ხოლო დიდი 10-ის დებიუტანტმა მცირე სხვაბით მარცხისთვის მესამე საცხრილო ქულა მიიღო.

შეხვედრა ‘ყაზბეგის’ შეტევებით დაიწყო. ‘ლოკომოტივმა’ მეტოქე დააჯარიმა, მაგრამ ფეხით მოგერიებისას შეცდა, ირაკლი ყიასაშვილმა ორჯერ გაჭრა ხაზი და ლელო მარცხენა ალამთან გაგა ყენიამ გაიტანა. მასპინძლებმა მალევე უპასუხეს. რამაზ ხარაზიშვილის აცილებული ჯარიმის შემდეგ, მათ ლელოზე თამაში გადაწყვიტეს და ფორვარდების რამდენიმე დარტყმას ნიკა წივწივაძეს ლელო მოყვა. ხარაზიშვილი გარდასახვიდან ზუსტი იყო, თუმცა ყიასაშვილმა მატჩის განახლებისთანავე ჯარიმით უპასუხა.

მე-17 წუთზე ‘ლოკომოტივიმა’ მეორედ და საბოლოოდ მოიპოვა უპირატესობა. ვახტანგ კავთიძემ შერკინების შემდეგ მეტოქის 22-ში გაჭრა ხაზი და ლელო გიორგი ჭუაძეს დაადებინა. ხარაზიშვილმა კვლავ გარდასახა და ყიასაშვილმა ისევ ჯარიმით უპასუხა, თუმცა შესვენებამდე სხვაობა უფრო გაიზარდა. მას შემდეგ, რაც ბექა გუგეშაშვილმა ყვითელი ბარათი მიიღო, რკინიგზელებმა დერეფნის შემდეგ მოკლე ფრთაზე შეუტიეს და რამდენიმე მიძალების შემდეგ, გაგა არაბულმა ლელო გაიტანა. ხარაზიშვილს გარდასახვა გაუცუდდა, მაგრამ 37-ე წუთზე ჯარიმა გაიტანა – 22:11.

მეორე ტაიმის დასაწყისში ყიასაშვილმა კარის წინიდან ჯარიმა ვერ გაიტანა. ‘ყაზბეგი’ შეტევებს აგრძელებდა, მაგრამ 46-ე წუთზე ‘ლოკომოტივისგან’ სწრაფი, ხელდახელ კონტრშეტევა მიიღო და ის ნიკა წივწივაძის ლელოთი დასრულდა. ხარაზიშვილმა გარდასახა. სტუმრებმა მალე უპასუხეს. მრავალფაზიანი შეტევის შემდეგ მარჯვენა ფრთაზე ონისე ბაზალი გაიქცა, ის რომ შეაჩერეს ლუკა დვალიშვლმა ბურთი დაიქნია, სივრცეში გაძვრა და ლელო ძელებსშუა გაიტანა. ყიასაშვილმა გარდასახა.

მე-60 წუთზე ‘ლოკომოტივი’ ბონუსის ზონაში (სამით მეტი ლელოს გატანისთვის) დაბრუნდა. მასპინძლებმა დერეფნიდან შეუტიეს, ორჯერ გაჭრეს ხაზი და ვანო კოხტაშვილის ლელო ხარაზიშვილმა გარდასახა. განახლდა თუ არა შეხვედრა ‘ყაზბეგმა’ საჯარიმო ლელოთი სხვაობა კვლავ 11 ქულამდე დაიყვანა და მასპინძლებმა 10 წუთით გიორგი ჭურაძე დაკარგეს. მიუხედავად ამისა, კაცნაკლულმა ‘ლოკომოტივმა’ შეძლო სალელოვე შეტევის ორგანიზება. ‘ყაზბეგს’ მათი მოლის შეჩერება გაუჭირდა, ბიძინა სამხარაძემ ბურთი კავთიძეს გადმოუგდო და ანგარიში 41:25 დარჩა.

‘ყაზბეგი’ არ დანებდა, ბოლომდე იბრძოლა და ეს ნუგეშის-ქულად დაუფასდა. დასკვნით 10 წუთში გიორგი ღლონტმა დუბლი შეასრულა, აქედან ერთი გუგა ხულელიძემ გარდასახა და საბოლოო შედეგი დააფიქსირა – 41:37. მატჩის საუკეთესო მოთამაშე ‘ლოკომოტივის’ შუამარბი სანდრო დვალი გახდა.

 

ფოტო: მარიამ გაგნიძე