დიდი 10 | ლოკომოტივი 3:40 ხარები

რუსთავის ‘ხარებმა’ XI ტურში თბილისის ‘ლოკომოტივი’ „რაგბი პლატოზე“ 40:3 დაამარცხა და 2022 წელი გამარჯვებით დაასრულა.

რუსთაველებისთვის ეს ზედიზედ მე-8 გამარჯვება იყო, მე-9 11 მატჩში, რამაც მათ წლის სატურნირო ცხრილის სათავეში დასრულების შესაძლებლობა მისცა. ‘ხარებს’ 39 ქულა აქვს 3-ით უსწრებს უახლოეს მდევარს. გარდა ამისა, ლიდერმა ზედიზედ მე-4 მატჩში შეინარჩუნა 5 ნოემბერს მოპოვებული „სარბიელის სინი“.

‘ლოკომოტივი’ წაგებების სერიას აგრძელებს. მიჯრით 11 მარცხის შემდეგ, „რკინიგზელებს“ მხოლოდ 3 ნუგეშ ქულა აქვთ და რადგან კონკურენტები იგებენ, უკვე 18-ით ჩამორჩება მე-9 პოზიციაზე მყოფ ‘აკადემიას’.

ლიდერისა და აუტსაიდერის მატჩის ბედი პრაქტიკულად პირველსავე ტაიმში გადაწყდა. სტუმრებმა 40 წუთში 4 ლელო გაიტანეს. თავი იაგო მარსაგიშვილმა, დავით თაბუკაშვილმა, პაატა ბურულაძემ და ლევან ჭავჭავაძემ გამოიჩინეს, გიორგი პეტრიაშვილმა კი 3 გარდასახა. ‘ლოკომოტივმა; პირველ ლელოს მე-9 წუთზე ლუკა სახელაშვილის ჯარიმით უპასუხა და დარჩენილ დროში ქულა აღარ აუღია.

მეორე ტაიმში კიდევ ორი ლელო გავიდა. 53-ე წუთზე სტუმართა უპირატესობა გურამ ქანდაურიშვილმა გაამყარა, მატჩის მიწურულს კი თავი ბაქარ ზედგინიძემ გამოიჩინა. პეტრიაშვილმა და გიორგი ელოშვილმა გარდასახვები შეასრულეს. მატჩის საუკეთესო მოთამაშე გიორგი ბასილაია გახდა.