დიდი 10 | ლოკომოტივი 33:35 არესი

ქუთაისის ‘არესმა’ თბილისის ‘ლოკომოტივს’ გორში, დაძაბულ მატჩში 35:33 სძლია და სატურნირო ცხრილში ადგილი გაუცვალა.

გუნდები უმოტივაციოდ არიან, რადგან დიდი 10-ის მიმდინარე სეზონში ფლეი ოფში მოხვედრის შანსი პრაქტიკულად აღარ აქვთ და არც გავარდნა ემუქრებათ. შედეგად, მათ წნეხის გარეშე ითამაშეს და მაყურებელი ლელოებით ასიამოვნეს.

პირველი ტაიმი ნომინალური მასპინძლის, ‘ლოკომოტივის’ იყო. მათ ამ პერიოდში 3 ლელო გაიტანეს: მე-9 წუთზე მძლავრი მოლი ირაკლი ქვათაძემ დააგვირგვინა; 23-ე წუთზე რკინიგზელებმა ცენტრიდან, ხელდახელ კონტრშეტევა წამოიწყეს და ის მარცხენა ფრთაზე ლაშა გედეხაურმა დაასრულა; 35-ე წუთზე ‘ლოკომოტივმა’ კონტრშეტევა პრაქტიკულად საკუთარი ლელოდან წამოიწყო, რეზი ხარაზიშვილმა კარგი ბოჭვით მცველს ბურთი ხელიდან გააგდებინა და ის ბექა წიკლაურმა დაამიწა. რამაზ ხარაზიშვილმა პირველი და მესამე გარდასახა,

გიორგი თევდორაძემ მეტოქის პირველ ლელოს ჯარიმით უპასუხა, ტაიმის მიწურულს კი ბადრი დანგაძემ 5-მეტრიანთან ჯარიმა სწრაფად გაითამაშა და ‘არესს’ შესვენების წინ მოტივაცია აუმაღლა – 19:8.

მეორე ტაიმის დებიუტში ‘არესმა’ თამაშში გარდატეხა შეიტანა. 44-ე წუთზე იაგო ხაბულიანი ფეხით გადაკიდებულ ბურთს შეყვა, ლაშა ხურცილავას ოფლოუდი ამოუგდო და მას ლელოს გატანა არ გაჭირვებია. 3 წუთში ამირან შვანგირაძემ საკუთარ 22-თან ჩაჭრა ბურთი და ლელომდე 80 მეტრი ირბინა. თევდორაძემ ორივე გარდასახა და სტუმრები 3 ქულით დააწინაურა.

ლაშა ხურცილავას სინბინის შემდეგ, ‘ლოკომოტივმა’ რიცხობრივი უპირატესობით ისარგებლა, 55-ე წუთზე, მოლის შემდეგ ბურთი ხაზზე გაიტანა და რეზი ხარაზიშვილის ლელო რამაზმა გარდასახა. დავით კვირიკაშვილმა ჯარიმით სხვაობა მინიმუმამდე მალევე დაიყვანა, 65-ე წუთზე კი ‘არესი’ გამარჯვებას მიუახლოვდა. ქუთაისელთა მოლმა დაახლოებით 18 მეტრი იარა, მას ბადრი დანგაძე მოწყდა და ბოლო 5 მეტრი დამოუკიდებლად დაფარა, კვირიკაშვილმა კი გარდასახა.

ლელოს გაშვების მომენტში ‘ლოკომოტივმა’ სინბინით თორნიკე ტურაშვილიც დაკარგა, მაგრამ კაცნაკლულმა ხელდახელ შეუტია, ზედ ლელოს ხაზთან ახლოში სამჯერ მიეძალა და ირაკლი ქვათაძის ლელო ხარაზიშვილმა გარდასახა. რადგან ჩამორჩენა მინიმალური იყო, ორიოდე წუთში სტუმრებმა ჯარიმა კარში დაარტყეს, თუმცა კვირიკაშვილმა საშუალო დისტანციიდან ვერ გაიტანა. სამაგიეროდ, ის ზუსტი იყო 75-ე წუთზე და ‘არესს’ 35:33 მოაგებინა.

მატჩის საუკეთესო მოთამაშე ამირან შვანგირაძე გახდა.

 

ფოტო: გოგიტა ბუხაიძე