დიდი 10 | ლოკომოტივი 30:20 აია

თბილისის ‘ლოკომოტივმა’ დიდი 10-ის გარდამავალი სეზონის მეორე ეტაპის პირველ ტურში, ქუთაისის ‘აია’ დასკვნით მეოთხედში გატეხა და 30:20 დაამარცხა.

თამაში დაიწყო თუ არა ლაშა ლომიძემ ჯარიმით სტუმრები დააწინაურა, მაგრამ დაახლოებით 10 წუთში ‘ლოკომოტივმა’ წონასწორობა აღადგინა და მას შემდეგ მეტოქე წინ აღარ გაუშვია. მე-10 წუთზე ლომიძის ჯარიმა ძელმა აისხლიტა და ბექა წიკლაურმა ორიოდე წუთში წონასწორობა აღადგინა, ხოლო 26-ეზე საკუთარი გუნდი ჯარიმით დააწინაურა.

30-ე წუთზე ‘აია’ საკუთარ 22-ში შეცდა, ‘ლოკომოტივმა’ კარის წინ 5 მეტრში შერკინება მიიღო, ფარნა გასვიანის დარტყმის შემდეგ, ბურთი ლაშა გედეხაურმა აიტაცა და რადგან წინ არავინ ყავდა ლელო გაიტანა, ხოლო წიკლაურმა გარდასახა. ‘აიამ’ მალევე მოლით უპასუხა, რომელშიც ხაზის მოთამაშეებიც ჩაერთვნენ და თორნიკე აქუბარდიამ ლელო, ლომიძემ კი გარდასახვა გაიტანა და სხვაობა 3 ქულამდე დაიყვანა.

ლომიძემ მეორე ტაიმის დასაწყისში ჯარიმით წონასწორობა აღადგინა, თუმცა 48-ე წუთზე ‘აიამ’ მეორე ლელო გაუშვა – გიორგი ბებიაშვილმა გადაცემა საკუთარ ნახევარზე ჩაჭრა და ძელებსშუამდე ირბინა,რასაც წიკლაურის გარდასახვა მოყვა. ‘აიამ’ 10 წუთში წონასწორობა კიდევ ერთხელ აღადგინა. მანამდე ‘ლოკომოტივი’ კარის წინ 7-8 მეტრში დაჯარიმდა და ირაკლი ქვათაძე სინბინით დაისაჯა, სტუმრებმა შერკინება ირჩიეს, ილია გაბისონიამ შეუტია და ლელო გაიტანა, ხოლო ლომიძემ გარდასახა.

წიკლაურმა ‘ლოკომოტივი’ 62-ე წუთზე ჯარიმით წინ გაიყვანა. მერე მასპინძლებმა სტუმრების იერიშები მოიგერიეს, ბოლოს კვლავ თავად შეუტიეს და ლელო ძალისმირ სტილში ლაშა გედეხაურმა გაიტანა, რითაც მეტოქეს ბონუსი ააცალა, წიკლაურმა კი გარდასახვით საბოლოო შედეგი დააფიქსირა – 30:20.

მატჩის საუკეთესო მოთამაშე გიორგი ბებიაშვილი გახდა. მისმა ‘ლოკომოტივმა’ 11 ქულა მოაგროვა და ლიდერებს მიუახლოვდა. ‘აიას’ 13 ქულა დარჩა და მესამე პოზიციაზეა.

მოწინავე ექვსეულის კიდევ ერთი მატჩი, ბოლნისის ‘ყოჩებსა’ და კიკეთის ‘იუნკერებს’ შორის გადაიდო.