დიდი 10 | ლოკომოტივი 24:31 იუნკერები

კიკეთის ‘იუნკერებმა’ დიდი 10-ის გარდამავალ ტურნირში ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვა და სატურნირო ცხრილში 13 ქულით ლიდერ ‘აკადემიას’ გაუტოლდა, რომელთანაც პირველ ტურში მინიმალური სხვაობით დამარცხდა.

კიკეთელები თბილისის ‘ლოკომოტივს’ სტუმრის სტატუსით „ავჭალაზე“ ეთამაშნენ და 31:24 სძლიეს. „რკინიგზელთა“ სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მათ მატჩის მიწრულს 13 კაცის ამარა შეძლეს მესამე ლელოს გატანა, რითაც ბონუს-ქულა მოიპოვეს.

თამაში დინამიური გამოდგა. ‘იუნკერები’ ხელდახელ, მაღალ ტემპში ოფლოუდებით უტევდა და მეტოქის დაცვას პრობლემებს უქმნიდა. პირველ მეოთხედში რამაზ ხარაზიშვილმა ორი ჯარიმიდან ერთი გაიტანა და სტუმრები დააწინაურა, 32-ე წუთზე კი მაღალ ტემპში მრავალფაზიანი შეტევა განახორციელა და ის გუგა შენგელიას ლელოთი დასრულდა, ხარაზიშვილმა კი გარდასახა.

ტაიმის მიწურულს ‘ლოკომოტივმა’ ფორვარდებით შეუტია და რამდენიმე მიძალების შემდეგ, ვახტანგ ქვათაძემ ლელო გაიტანა. მეორე ტაიმი მასპინძლების შეტევებით დაიწყო, მაგრამ ‘იუნკერების’ დაცვა შეუვალი იყო და ბექა წიკლაურმა, რომელმაც მანამდე გარდასახვა გაიტანა, არეკნით წინასწორობა აღადგინა.

 

 

‘იუნკერებმა’ 5 წუთში უპასუხა. მათ მეტოქე მისსავე 22-ში წნეხში მოაქციეს, ჯერ მოლით წაიწიეს წინ, მერე ახლოში დარტყმები განახორცუიელეს და მესამე ცდაზე გუგა შენგელიამ მეორე ლელო მიითვალა. ნელ-ნელა კიკეთელები შერკინებაშიც დაეუფლნენ უპირატესობას, მეტოქე 5-მეტრიან ხაზთან ორჯერ დააჯარიმეს, მესამე ჯერზე კი გიორგი კურტანიძემ შეუტია და 64-ე წუთზე ლელო გაიტანა. ხარაზიშვილმა ორივე გარდასახა – 10:24.

‘ლოკომოტივმა’ შეძლო თამაშში დაბრუნება, მას შემდეგ რაც სანდრო დვალმა მეტოქის 22-ში ხაზი გაჭრა, ორ მბოჭავს დაუსხლტა და ლელო ძელებსშუა გაიტანა, წიკლაურმა კი გარდასახა. მაგრამ ‘იუნკერებმა’ მალევე შეძლო ინიციატივის დაბრუნება. მასპინძლებმა სინბინით ჯერ ლევან დარასელია, მერე ზვიად მაისურაძე დაკარგეს, გუგა შენგელიამ 5-მეტრიანი შერკინებიდან შეუტია და თავისი მესამე ლელო გაიტანა, ნამატჩევს კი საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა.

2-კაცნაკლულმა ‘ლოკომოტივმა’ გაწითლებულ დროზე მაინც შეძლო ბონუსის აღება. ამჯერად კარის წინ ხაზი ნიკა ჩიღვინიძემ გაჭრა და მისი ძელებსშუა გატანილი ლელო წიკლაურმა გარდასახა, რითაც გუნდს ბონუსი მოუტანა.

 

ფოტო: გოგიტა ბუხაიძე