დიდი 10 | ლოკომოტივი 24:31 აია

ქუთაისის ‘აიამ’ თბილისში ‘ლოკომოტივს’ მეხუთე ტურის გადადებულ შეხვედრაში 31:24 სძლია და სატურნირო მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაიუმჯობესა.

ქვეყნის მოქმედ ჩემპიონს ჰქონდა შანსი, რომ ბონუსიც აეღო და მოწინავე, საფლეიოფო ექვსეულს კიდევ უფრო მეტად მიახლოვებოდა, მაგრამ დასკვნით ნახევარ საათში სამი ლელო გაუშვა. ‘ლოკომოტივს’ ბოლომდე ბრძოლა დაუფასდა, 10 წუთში გატანილი 3 ლელოთი, 28-ქულიანი ჩამორჩენა 7-მდე დაიყვანა და დასკვნით წუთებს ინტერესი შესძინა, მაგრამ მეტის მიღწევა ვეღარ მოახერხა და მხოლოდ ნუგეშ-ქულას დასჯერდა.

„ხვამლი არენაზე“ სტუმრები დებიუტშივე დაწინაურდნენ – მოლი ლელოთი ლაშა შალიკაშვილმა დაასრულა. რამაზ ხარაზიშვილმა ჯარიმით სხვაობა 2 ქულამდე მალევე დაიყვანა, მაგრამ ტაიმის დასკვნითი 15 წუთი ქუთაისელების იყო. ‘აია’ შეტევებში უფრო ორგანიზებულად თამაშობდა და 27-ე წუთზე ერთ-ერთმა ყველაზე აქტიურმა გიორგი კურტანიძემ 5-მეტრიანი შერკინების შემდეგ ლელო გაიტანა, ლაშა ლომიძემ კი გარდასახა.

‘ლოკომოტივმა’ ბურთი თამაშში რომ შეიყვანა, ‘აიამ’ მარცხენა ფრთაზე კონტრშეტევა წამოიწყო და შოთა არეშიძემ ის ლელოში დაასრულა. ლომიძე რთული გარდასახვიდან ამჯერადაც ზუსტი იყო. ტაიმის ბოლოს კურტანიძემ კარგად გაჭრა ხაზი და შეტევას ჯერ გაგა გორგასლიძეს სინბინი, მერე 5-მეტრიანი შერკინებიდან კვლავ კურტანიძეს შეტევა და დუბლი მოყვა – 24:3.

მეორე ტაიმი 6 წუთის დაწყებული იყო, როდესაც შალიკაშვილმა ცენტრის სიახლოვეს, რაქიდან შეუტია და 22-მეტრამდე ირბინა, სანდრო ფურცხვანიძემ კი ელგუჯა მარგველაშვილს ოფლოუდი გაუხერხა და მისი ლელო ბონდო აბაშიძემ გარდასახა. სხვაობა 28 ქულამდე გაიზარდა თითქოს გასარკვევიც აღარაფერი დარჩა, მაგრამ ‘ლოკომოტივმა’ ბოლომდე იბრძოლა და ნუგეშის ქულაც დაიმსახურა. მათ სულ რაღაც 10-12 წუთის ინტერვალში სამი ლელო გაიტანეს და თამაშში ღირსეულად დაბრუნდნენ.

‘ლოკომოტივმა’ ფორვარდებით შეუტია და 54-ე წუთზე რამაზ ბენდელიანმა პირველი საპასუხო ლელო გაიტანა. სტუმრებს დისციპლინაში პრობლემები შეექმნა და მალე ყვითელი ბარათით პეტრე ჯინჭარაძე დაკარგა, ერთ წუთში კი ბენდელიანმა დუბლი შეასრულა. 62-ე წუთზე სინბინით უკვე ირაკლი სიმსივე დაისაჯა და 13-კაციან მეტოქეს თბილისელებმა მესამე ლელო გაუტანეს. რკინიგზელებმა ორჯერ გაშალეს ფრთაზე შეტევა, რამაზ ხარაზიშვილი წითელ ზონაში შეაჩერეს, ბექა ბებიაშვილი კი ყველას გასცდა. ხარაზიშვილმა სამივე გარდასახვა ზუსტად შეასრულა და მატჩის დასრულებამდე 15 წუთით ადრე სხვაობა ერთ გარდასახულ ლელომდე დავიდა – 24:31.

მასპინძლებმა დიდი მონდომებით შეუტიეს და გაგა არაბული ლელოს აუცილებლად გაიტანდა, მის წინააღმდეგ წესები რომ არ დაერღვიათ. შალიკაშვილის სინბინის შემდეგ, ‘აია’ მატჩის ბოლომდე კაცნაკლული დარჩა, თუმცა თავდადებული დაცვით ლელო დაიცვა და უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა.

‘აია’ 15 ქულით მე-8 ადგილზეა და ერთით ჩამორჩება ‘ლოკომოტივს’, საფლეიოფო ექვსეულს კი 5 ქულა აშორებს და რეზერვში ერთი გადადებული შეხვედრა აქვს ‘იუნკერებთან’. განვლილი მატჩის საუკეთესო მოთამაშე ლაშა შალიკაშვილი გახდა.

 

ფოტო: მარიამ გაგნიძე