დიდი 10 | ლოკომოტივი 24:29 ლელო

თბილისურ დერბიში ‘ლელომ’ ‘ლოკომოტივს’ ორის წილ 4 ლელო გაუტანა და 29:24 დაამარცხა. ნომინალური მასპინძლები რკინიგზელები იყვნენ, თუმცა კი შეხვედრა დიდ დიღომში, „ლელო არენაზე“ გაიმართა.

თამაში ‘ლელოს’ შეტევებით დაიწყო, მაგრამ მე-5 წუთზე მათ წნეხის ქვეშ ფეხით გადაკიდებული ბურთი ვერ აიღეს და ნიკა დარჩიაშვილმა კონტრშეტევაზე ლელო გაიტანა, ექს-ლელოელმა დიმიტრი კალანდაძემ კი გარდასახა. მე-17 წუთზე მშობლიურ გუნდში დაბრუნებულმა ირაკლი ყიასაშვილმა ახლოდან ჯარიმა გაიტანა, თუმცა 3 წუთში მას კალანდაძემ ორი ზუსტი დარტყმით (ჯარიმიდან) უპასუხა და ‘ლოკომოტივი’ 10 ქულით დააწინაურა (13:3).

‘ლელომ’ ტემპს უმატა და 5 წუთის ინტერვალით ორი ლელო გაიტანა. 25-ე წუთზე იერიში 22-მეტრიანის წინ დანიშნული დერეფნიდან დაიწყო, იოანე მეტრეველმა კარის წინ ხაზი გაჭრა, გუგა ტაბატაძემ ბურთი კიდევ უფრო წინ წაწია, ის მარცხენა ფრთაზე ბოლომდე ჩათამაშდა და გაგა ქევხიშვილმა ალამთან დაამიწა. ყიასაშვილის გარდასახვა ძელმა აისხლიტა. 30-ე წუთზე პეტრე ხუციშვილის და ყიასაშვილის ორიგინალური პასების შემდეგ, ლელო იოანე მეტრეველმა მიითვალა და ირაკლიმ გარდასახვით ნომინალური სტუმრები პირველად დააწინაურა.

ტაიმის მიწურულს რკინიგზელთა მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა. მათ ორი წუთის ინტერვალში სინბინით ლევან ჯებირაშვილი და ვახტანგ კავთიძე დაკარგეს, მერე კი მოლით მშობლიურ კლუბში დაბრუნებული სანდრო ქოიავასგან ლელო მიიღეს და ყიასაშვილმაც გარდასახა – 13:22.

მეორე ტაიმის პირველ 20 წუთში ანგარიში არ შეცვლილა. 42-ე წუთზე კალანდაძის ჯარიმა ძელმა აისხლიტა, თუმცა ტაიმის შუაში მისი შორიდან დარტყმა ზუსტი იყო. ორიოდე წუთში ვახტანგ კავთიძემ საკუთარ 22-ში ჩაჭრა გადაცემა, ლელომდე 80 მეტრი ირბინა და სხვაობა მინიმუმამდე დაიყვანა. კალანდაძემ საშუალო სირთულის გარდასახვა ვერ გამოიყენა. დასკვნითი წუთები ‘ლელოსი’ იყო. ‘ლოკომოტივმა’ მათი მოლი და ხელდახელ შეტევა ჯარიმით შეაჩერა, თუმცა 70-ე წუთზე მოლს უკვე წინ ვეღარ აღუდგნენ და რატი ჟორჟოლიანის ლელო ხუციშვილმა გარდასახა.

დარჩენილ დროში ორივე გუნდს შეეძლო ბონუსის მოპოვება. ‘ლელოს’ ვიდეორეფერიმ წესების დარღვევის გამო ორი ლელო გაუუქმა, რამაც კალანდაძეს გაწითლებულ დროზე ჯარიმით სხვაობის 5 ქულამდე შემცირების შესაძლებლობა მისცა – 24:29. ‘ლოკომოტივმა’ ნუგეშის ქულა მიიღო, ‘ლელომ’ კი ჩემპიონატი გამარჯვებით დაიწყო. მატჩის საუკეთესო მოთამაშე ‘ლელოს’ ბურჯი ნიკა სვიმონიშვილი გახდა.

 

ფოტო: თაკო კიკალიშვილი