დიდი 10 | ლოკომოტივი 21:27 აია

ქუთაისის ‘აიამ’ თბილისში ‘ლოკომოტივი’ 27:21 დაამარცხა და სანამ მისი კონკურენტები მე-8 ტურის შეხვედრებს გამართავენ, სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზე აღზევდა.

„რაგბი პლატოზე“ „რკინიგზელებს“ კარგი დასაწყისი ქონდათ. მასპინძლებმა მე-13 წუთზე საჯარიმო ლელო გამოიმუშავეს და ამ ეპიზოდში სტუმრებმა სინბინით პეტრე ჯინჭარაძე, ხოლო ერთი წუთით ადრე შოთა არეშიძე დაკარგეს. მაგრამ ორკაცნაკლულმა ‘აიამ’ იქით შეუტია და ჯერ ბონდო აბაშიძემ გაიტანა ჯარიმა, მერე კი საბა ერემეიშვილმა გაახერხა თერნოვერი, თემურ კოხოძემ ხაზი გაჭრა, ბურთი მარჯვენა ფრთაზე ჩათამაშდა და ამირან შვანგირაძის ლელო გიორგი ბაბუნაშვილმა რთული პოზიციიდან გარდასახა.

27-ე წუთზე, ქუთაისელთა მორიგი ხელდახელ შეტევის შემდეგ, ზვიად ორმოცაძემ მცველი ცრუმოძრაობაზე დაიჭირა, ხაზი გაჭრა და ლელო ძელებსშუა გაიტანა. აბაშიძემ გარდასახვის შემდეგ ჯარიმაც გამოიყენა და ტაიმი 20:7 დასრულდა.

მეორე ტაიმში პირველი ლელო კვლავ ‘ლოკომოტივმა’ გაიტანა. მეტოქის 22-ში დანიშნულ შერკინებას რამდენიმე დარტყმა მოყვა და გიორგი ჩხარტიშვილმა მიზანს უწია. ლუკა სახელაშვილმა გარდასახვა ზუსტად შეასრულა. ტაიმის შუაში თემურ კოხოძემ მოშიშვლებული ზურგი შენიშნა, ბურთი ფეხით გადაიკიდა, თავად აიღო და ლელო გაიტანა, ბაბუნაშვილმა კი სტუმრებს 13-ქულიანი უპირატესობა დაუბრუნა. შეხვედრის მიწურულს თბილისელთა მოლი დიმა ხურცილავას ლელოთი დასრულდა, ხოლო სახელაშვილის გარდასახვამ ‘ლოკომოტივი’ ნუგეშ-ქულის ზონაში შეიყვანა.

ახლა ‘აიას’ 26 ქულა აქვს და 3-3 ქულით უსწრებს ‘არესს’ და ‘ყაზბეგს’, რომლებიც ტურის შეხვედრას კვირას გამართავენ. ‘ლოკომოტივმა’ მე-8 თამაშში მეორედ შეძლო ნუგეშის აღება და 2 ქულით ბოლო ადგილზეა. განვლილი მატჩის საუკეთესო მოთამაშე თემურ კოხოძე გახდა.