დიდი 10 | ლოკომოტივი 19:3 იუნკერები

თბილისის ‘ლოკომოტივმა’ კიკეთის ‘იუნკერებს’ სამი ლელო გაუტანა და ახალი სეზონის სადებიუტო მატჩში ბონუსით, 19:3 გაიმარჯვა.

რკინიგზელებმა თავიდანვე უარი თქვეს ჯარიმების კარში დარტყმაზე და აქცენტი ლელოზე გააკეთეს. არეულ თამაშში ორივე გუნდი ცდებოდა. ამან ‘იუნკერებს’ 20 წუთში ორჯერ მისცა ჯარიმის კარში დარტყმის შესაძლებლობა და ნიკოლოზ მერკვილიშვილს პირველი გაუცუდდა, მეორეთი კი ანგარიში გახსნა. ‘ლოკომოტივმა’ წნეხი გააძლიერა, 12-მეტრიანი მოლით შეუტია და ფარნავაზ გასვიანმა ლელო გაიტანა. 31-ე წუთზე მათი მოლი უკვე მარჯვენა ფრთიდან დაიძრა და ამჯერად ლელო გიორგი ჭურაძემ მიითვალა. ბექა წიკლაურმა ორიდან ერთი გარდასახა – 12:3.

ტაიმის ბოლოს ‘იუნკერებმა’ მეტოქის ორი ძალისმიერი შეტევა მოიგერია, მაგრამ 59-ე წუთზე მიძალებას ვეღარ გაუმკლავდა. მათ ჯერ სინბინით ანტონ ცილიკური დაკარგეს, მერე ნიკა წივწივაძესგან ლელო მიიღეს და წიკლაურმაც გარდასახა. კიკეთელებმა დასკვნითი წუთები ‘ლოკომოტივის’ 22-ში გაატარეს. რკინიგზელებმა სინბინით ჯერ ვახო კავთიძე, მერე გაგა გორგასლიძე დაკარგეს, მაგრამ ბონუსი 13 კაცითაც შეინარჩუნეს – 19:3.

მატჩის საუკეთესო მოთამაშე ფარნავაზ გასვიანი გახდა.

 

ფოტო: ანი რეხვიაშვილი