დიდი 10 | ლოკომოტივი 18:32 ყოჩები

ბოლნისის ‘ყოჩებმა’ თბილისის ‘ლოკომოტივს’ „რაგბი პლატოზე“ 32:18 სძლია და მიმდინარე სეზონში მეორე გამარჯვება მოიპოვა.

შეხვედრა ნიკა რეხვიაშვილის ბენეფისად იქცა. მან სამი ლელო გაიტანა, მეოთხე კი მის წამოწყებულ შეტევას მოყვა. მიმდინარე სეზონში ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ერთმა მორაგბემ სამი ლელოს გატანა მოახერხა. ‘ყოჩები’ 9 ქულით მე-4 ადგილზეა, ‘ლოკომოტივს’ კი ჯერჯერობით მოგება არ აქვს და 1 ქულით ბოლოსწინა, მე-9 პოზიციაზეა.

მატჩის დებიუტში ლაშა მალაღურაძეს ჯარიმა გაუცუდდა, თუმცა ‘ყოჩები’ მე-5 წუთზე მაინც დაწინაურდა. ნომინალურმა სტუმრებმა ხაზზე გაშალეს ბურთი და ის ალამთან ლელოთი რეხვიაშვილმა დაასრულა, მალაღურაძემ კი რთული პოზიციიდან გარდასახა, მერე კი ჯარიმა გაიტანა. მე-11 წუთზე ბოლნისელები კაცნაკლული დარჩნენ, ყვითელი ბარათი მაღალი ბოჭვისთვის რომან მახათაძემ მიიღო და დიტო კალანდაძემაც ჯარიმა გაქვითა, თუმცა ორიოდე წუთში რეხვიაშვილი კარგად დაიძრა და ოფლოუდით ბურთი გიორგი მოსულიშვილს გაატანა, მან შეტევაში აკაკი მარშანია ჩართო, მისი ოფლოუდის შემდეგ კი ლელომდე ბაჩუკი ჭუმბაძემ ირბინა.

22-ე წუთზე, დერეფნის შემდეგ, ნიკა ჩხიკვაძემ შებრუნებული პასით ხაზი რეხვიაშვილს გააჭრევინა, ის დაცვის მეორე ეშელონსაც გაცდა და ლელო ძელებსშუა გაიტანა. მალაღურაძემ გარდასახა. 28-ე წუთზე ‘ლოკომოტივმა’ მძლავრი მოლით შეუტია და დიმა ხურცილავამ ერთი საპასუხო ლელო გაიტანა. შესვენებამდე ლუკა სახელაშვილმა ჯარიმა გაიტანა და ტაიმი 11:22 დასრულდა.

მეორე ტაიმი ‘ყოჩებმა’ პირველის მსგავსად, აქტიურად და შედეგიანად დაიწყო. ჯერ მალაღურაძემ გაიტანა 42 მეტრიდან ჯარიმა, მერე იოსებ გუშარაშვილმა შეუტია მალაღურაძის შებრუნებული პასის შემდეგ და იერიში ლელოთი რეხვიაშვილმა დაასრულა. მალაღურაძემ გარდასახა და 32:11 50-ე წუთზე. თამაში მაღალ ტემპში, ორმხრივი იერიშებით გაგრძელდა. ‘ლოკომოტივმა’ რამდენჯერმე შეძლო ხიფათის შექმნა, 65-ე წუთზე კი 5-მეტრიანი დერეფნიდან მოლი რამაზ ბენდელიანის ლელოთი დასრულდა და სახელაშვილმა გარდასახა. დარჩენილ დროში ორივე გუნდს შეეძლო ბონუსზე თამაში, მაგრამ ანგარიში აღარ შეცვლილა და ‘ყოჩებმა’ 32:18 გაიმარჯვა. მატჩის საუკეთესო მოთამაშე ნიკა რეხვიაშვილი გახდა.

 

ფოტო: ანი რეხვიაშვილი