დიდი 10 | ლოკომოტივი 16:11 ხარები

თბილისის ‘ლოკომოტივმა’ დასკვნით წუთებში რუსთავის ‘ხარების’ იერიშები მოიგერია და დიდი 10-ის გარდამავალი ტურნირი 16:11 მოგებით დაიწყო.

ეს იყო „ა“ ჯგუფის და ზოგადად პირველი ტურის ბოლო შეხვედრა. რუსთავის ‘ხარები’ ხელდახელ. სწრაფი იერიშებით ცდილობდა უპირატესობის მოპოვებას და მე-8 წუთზე საკუთარი 22-იდან დაწყებული იერიში ლელოთი გიორგი ბასილაიამ დაასრულა. ‘ხარებმა’ შეტევები გააგრძელა, მაგრამ ‘ლოკომოტივმა’ თავი დაიცვა, ტაიმის შუაში მოლი ააგორა და გიორგი გეგიამ საპასუხო ლელო გაიტანა. ბექა წიკლაურმა გარდასახვით მასპინძლები დააწინაურა, მაგრამ შესვენებამდე ვაჟა ხუციშვილმა ზუსტი ჯარიმით უპასუხა – 7:8.

 

 

წიკლაურს ზედ შესვენების წინ ხელსაყრელი პოზიციიდან ჯარიმა გაუცუდდა, მაგრამ მეორე ტაიმის დასაწყისში ორი ზუსტი დარტყმა შეასრულა. დასკვნითი მეოთხედის დასაწყისში ხუციშვილმა და წიკლაურმა ჯარიმები გაცვალეს. დარჩენილი 15 წუთი ‘ხარებმა’ შეტევებში გაატარა. მათ უარი თქვეს ჯარიმის კარში დარტყმაზე და რამდენჯერმე ლელოსთან ახლოს იყვნენ, თუმცა მასპინძლებმა თავი დაიცვეს და ‘ლოკომოტივმა’ 16:11 იმარჯვა.

მატჩის საუკეთესო მოთამაშე ბექა წიკლაური გახდა.

 

ფოტო: ანი ბერთლანი