დიდი 10 | ლოკომოტივი 15:25 ხვამლი

დედაქალაქურ დერბიში ‘ხვამლმა’ აუტსაიდერი ‘ლოკომოტივი’ 25:15 დაამარცხა და საფლეიოფო ექვსეულში მოხვედრის შანსს ინარჩუნებს.

მუხიანელებს 16 თამაშიდან 35 ქულა აქვთ, მე-8 ადგილზე არიან და მე-6-ზე მყოფ ‘ყოჩებს’ 3 ქულით ჩამორჩებიან (მომდევნო ტურში ეს გუნდები ერთმანეთს ხვდებიან). ‘ლოკომოტივმა’ გასულ ტურში მიმდინარე სეზონის პირველი გამარჯვება იზეიმა იზეიმა, თუმცა 8 ქულით ბოლო ადგილზეა და ახალ სეზონს პირველ ლიგაში დაიწყებს.

განვლილ მატჩში მასპინძელი ‘ლოკომოტივი’ იყო, თუმცა შეხვედრა „ხვამლი არენაზე“ გაიმართა. ნომინალურმა სტუმრებმა და რეალურმა მასპინძლებმა თამაში აქტიურად დაიწყეს და მე-12 წუთზე ლელოთი დაწინაურდნენ. მათ დერეფნის შემდეგ 5 მეტრი მოლით დაფარეს და 5 ქულა გიორგი ვარდოსანიძემ მიითვალა. 22-ე წუთზე „რკინიგზელებმა“ თავის ნახევარზე სწრაფად გაათამაშეს ჯარიმა, ვახტანგ კავთიძისგან გადაცემა ტალატალა ტოკაიმბაიმ მიიღო, მბოჭავი ჩამოიცილა და ლელოში ნიკა დარჩიაშვილი შეუშვა.

‘ხვამლმა’ ტაიმის ბოლოს 10-ქულიანი უპირატესობა მოიპოვა. 34-ე წუთზე ყვითელი ბარათი ‘ლოკომოტივის’ კვაჭმა დიმა ხურცილავამ მიიღო, რითაც მეტოქემ 4 წუთში ისარგებლა, ჯერ ხელდახელ შეტევით შევიდა მეტოქის 22-ში, მერე კი ბექა არველაძე მიეძალა და დარჩენილი 5 მეტრი დაფარა. გაწითლებულ დროზე ‘ლოკომოტივი’ 13 კაცის ამარა დარჩა. ამჯერად ყვითელი ბარათი ეპელი რატამბაკაკამ მიიღო და ‘ხვამლმა’ რიცხობრივი უპირატესობით ერთხელაც ისარგებლა – ხელდახელ შეტევის შემდეგ, ფეხით შეცურებულ ბურთს ლაშა კაკაურიძე მიყვა და ლელოში შევიდა. გარდასახვები არაზუსტი იყო და ტაიმი ‘ხვამლმა’ 15:5 მოიგო.

მეორე ტაიმის დასაწყისში ლუკა სახელაშვილს ჯარიმა გაუცუდდა, თუმცა ჯერ კიდევ კაცნაკლულმა ‘ლოკომოტივმა’ მალევე ლელო გაიტანა – კავთიძის ფეხით გადაკიდებული ბურთი სახელაშვილმა მოხსნა, წინ წაიწია და ლელოში ნოდარ დოლიძეს შეაყოლა. სახელაშვილმა გარდასახა, 53-ე წუთზე კი ჯარიმით წონასწორობა აღადგინა.

მალე ხაზი გელა ლალიაშვილმა გაჭრა და თითქოს ლელოს გატანამდე ბევრი აღარაფერი რჩებოდა, თუმცა მიყოლამ დააგვიანა, ‘ხვამლმა’ ბურთი ფეხით მოიგერია, მას ბაჩანა მონიავა მიყვა და ფეხი წაკრა, ლაშა კაკაურიძე კი ლელოში დაახტა. ამჯერად ზურა ქობელაშვილმა გარდასახა. დარჩენილ დროში ორივე გუნდი სცდებოდა და ანგარიში მატჩის მიწურულსღა შეიცვალა. ქობელაშვილმა 78-ე წუთზე გატანილი ჯარიმით საბოლოო შედეგი დააფიქსირა – 25:15, უკანასკნელ წუთზე კი რატამბაკაკამ წითელი ბარათი მიიღო.

მატჩის საუკეთესო მოთამაშე ლაშა კაკაურიძე გახდა.