დიდი 10 | ლოკომოტივი 13:33 ყოჩები

ბოლნისის ‘ყოჩებმა’ „ავჭალაზე“ თბილისის ‘ლოკომოტივს’ 33:13 სძლია, სამით მეტი გატანილი ლელოსთვის ბონუსიც აიღო და მეორე პოზიციაზე გამაგრდა.

დიდი 10-ის მე-11 ტურის დასკვნით შეხვედრაში, სტუმრებმა მეორე ტაიმის დებიუტშივე მოიპოვეს გადამწყვეტი უპირატესობა, ბოლოს კი ბონუს-ლელოც გაიტანეს. ‘ყოჩებს’ 39 ქულა აქვს და 9-ით ჩამორჩება ‘ბათუმს’, ხოლო მდევარ ‘ხარებს’ 6-ით უსწრებს. ‘ლოკომოტივს’ 20 ქულა დარჩა და მე-8 ადგილზეა.

ანგარიში ბექა წიკლაურმა ჯარიმით გახსნა. ‘ყოჩებმა’ მალევე, დამუშავებული კომბინაციით უპასუხა – ლაშა მალაღურაძემ ფეხით ბურთი მარცხენა ფრთაზე მოზომილად გადაკიდა და იქ მას ლევან გოგოლაშვილი დახვდა. მალაღურაძეს რთული პოზიციიდან გარდასახვა გაუცუდდა, თუმცა ტაიმის შუაში ჯარიმა გაიტანა.

28-ე წუთზე, არცთუ კარგად მოგებული დერეფნის შემდეგ ‘ყოჩების’ დაცვა აირია, ფარნა გასვიანმა ხაზი გაჭრა, მერე გაგა არაბულმა შეუტია და საპასუხო ლელო გაიტანა. წიკლაურმა გარდასახვით ‘ლოკომოტივი’ დააწინაურა, 10 წუთში კი ჯარიმაც ზუსტად შეასრულა. მაგრამ ტაიმი მაინც ‘ყოჩებმა’ მოიგო. მოლის შემდეგ თემურ ჭიჭინაძემ ხაზი გაჭრა, დაახლოებით 25 მეტრი იარა და კარის წინ შეაჩერეს, შემდეგ ფაზაში კი, სერგი ჩხაიძემ სივრცით ისარგებლა და ლელოთი ანგარიში გაათანაბრა, მალაღურაძემ კი გარდასახა და სტუმრებს ლიდერობა დაუბრუნა.

მეორე ტაიმი 6 წუთის დაწყებული იყო, როდესაც ლაშამ ჯარიმით უპირატესობა გაზარდა. ორ წუთში ‘ყოჩებმა’ ხელდახელ შეტევით ფაზები ააწყო, მარცხენა ფრთაზე წარმოქმნილი რაქიდან, ლევან გოგოლაშვილმა მოკლე, დაუცველ ფრთაზე მოულოდნელად შეუტია, ბოლო მცველს სისწრაფეში გასცდა და ლელო ძელებსშუა გაიტანა. მალაღურაძემ გარდასახვიდან 5 წუთში ჯარიმაც გაიტანა და ანგარიში 28:13 გახდა.

‘ლოკომოტივმა’ ძალისმიერ სტილში რამდენჯერმე შეუტია და გიორგი გეგიამ ლელოშიც შეაღწია, მაგრამ ბოლო მომენტში ბურთზე კონტროლი დაკარგა. 70-ე წუთზე წაკინკლავებისთვის მსაჯმა ლევან გენებაშვილი და ბექა წიკლაური გაასინბინა. თბილისელებმა შეტევები განაგრძეს, მაგრამ ზედ ლელოსთან ბურთი ამჯერადაც გადაუვარდათ. 78-ე წუთზე გიორგი მჭედლიშვილმა გადაცემა ჩაჭრა და პრემიის მომტანი ლელო გაიტანა, რითაც საბოლოო შედეგი დაფიქსირდა – 33:13.

მატჩის საუკეთესო მოთამაშე ლევან გოგოლაშვილი გახდა.