დიდი 10 | ლოკომოტივი 0:19 ბათუმი

დიდი 10-ის ლიდერმა ‘ბათუმმა’, „შევარდენის“ ხელოვნურსაფარიან მოედანზე თბილისის ‘ლოკომოტივს’ სამი უპასუხო ლელო გაუტანა და ბონუსით, 19:0 გაიმარჯვა.

შეხვედრა ძლიერი ქარის ფონზე წარიმართა და მძიმე გამოდგა. გუნდებს თამაშის გაშლა უჭირდათ და ხშირი იყო შეცდომები. პირველ ტაიმში ‘ლოკომოტივი’ ზურგქარში უტევდა და 12 წუთში ბექა წიკლაურს ორი ჯარიმა და ერთი არეკნი გაუცუდდა. მერე გუნდებმა ძალისმიერ სტილში თითო-თითოჯერ შეძლეს ლელოს ხაზის გადაკვეთა, მაგრამ ბურთი ვერ დაამიწეს, ტაიმის მიწურულს კი, სტუმართა მოლს საჯარიმო ლელო და ფარნა გასვიანის სინბინი მოყვა – 0:7.

რადგან მანამდე 2 წუთით ადრე ყვითელი ბარათი წიკლაურმაც მიიღო, მასპინძლები მოედანზე 2-კაცით ნაკლები დარჩნენ. შესვენების შემდეგ ყვითელი ბარათები ვანო ფუტკარაძემ (ბათუმი) და გიორგი ჭურაძემაც (ლოკომოტივი) მიიღეს, 44-ე წუთზე კი ზღვისპირელთა მოლს გიორგი ჩხარტიშვილი მოწყდა და ლელო გაიტანა.

66-ე წუთზე მატჩის საუკეთესო მოთამაშე კობა ჯიმშელეიშვილმა ხაზი გაჭრა, დაახლოებით 25 მეტრი ირბინა და ლელოს თავადაც გაიტანდა, თუმცა ბურთი ხვიჩა ბუჯიაშვილს გადაუგდო და 5 ქულაც მის ანგარიშზე ჩაიწერა, მამუკა ნინიძემ კი გარდასახვით საბოლოო შედეგი დააფიქსირა.

‘ბათუმს’ 58 ქულა მოუგროვდა და მდევრებთან უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდა. მას ფლეი ოფის ნახევარფინალის საგზური პრექტიკულად უკვე განაღდებული აქვს. ‘ლოკომოტივი’ 24 ქულით მე-7 პოზიციაზე რჩება და ქუთაისის ‘აიას’ 4-ით ჩამორჩება. გუშინ ქუთაისელებს რუსთავში, ‘ხარების’ წინააღმდეგ უნდა ეთამაშათ, თუმცა ის უამინდობის გამო ჩაიშალა.

 

ფოტო: მარიამ გაგნიძე