დიდი 10 | ლელო 50:24 არესი

დიდი 10-ის მე-13 ტურში თბილისის ‘ლელომ’ ქუთაისის ‘არესს’ 50:24 სძლია და ფლეი ოფისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა.

უამინდობის გამო უშუალო კონკურენტების შეხვედრა „შევარდენის“ ხელოვნურსაფარიან მოედანზე გაიმართა, რომელიც სახელდახელოდ გაიწმინდა და თამაში ნახევარი საათის დაგვიანებით დაიწყო. მიუხედავად ამისა, თამაში უხვქულიანი და სანახაობრივი გამოდგა.

საწყის წუთებზე ორივე გუნდმა შეძლო ლელოს ხაზის გადაკვეთა, მაგრამ დამიწება არცერთხელ შედგა. ‘არესი’ დისციპლინაში მოიკოჭლებდა და ‘ლელოს’ მგეზავმა გიორგი ასათიანმა ორი ჯარიმით მასპინძლები დააწინაურა. წინდაწინ გეტყვით, რომ ასათიანს კარში დარტყმების 100%-იანი მაჩვენებელი ქონდა, თამაშსაც კარგად უძღვებოდა და საბოლოოდ მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა.

სტუმრებმა მე-19 წუთზე უპასუხეს. კარგი ხელდახელ შეტევის შემდეგ, მათ 5-მეტრიანი დერეფნიდან მოლი დააყენეს და ნოდარ სამხარაძის ლელო გიორგი თევდორაძემ გარდასახა. მასპინძლებმა ასათიანის ორი ჯარიმით სწრაფად დაიბრუნეს უპირატესობა, რაზეც დავით კვირიკაშვილმა ერთი ზუსტი დარტყმით უპასუხა, თუმცა შესვენებამდე ‘ლელომ’ უპირატესობა გაზარდა. 31-ე წუთზე ასათიანის გარღვევას რამდენიმე მიძალება და გიგა გრიგალაშვილის ლელო მოყვა, გიორგიმ კი გარდასახვის გარდა მორიგი ჯარიმაც გაიტანა – 22:10.

მეორე ტაიმის დასაწყისში ‘არესი’ შეცდა, რასაც ‘ლელოს’ 5-მეტრიანი დერეფანი და თენგიზ ზამთარაძის ლელო მოყვა, 55-ე წუთზე კი მიზანს რამაზ ნიქაბაძემ უწია და მასპინძელთა უპირატესობა 26 ქულამდე გაიზარდა.

‘არესის’ სასახელოდ უნდა ითქვას, რომ არ დანებდა და მოკლე ინტერვალში ორი გარდასახული ლელოთი უპასუხა. თავი ზურაბ ოდიკაძემ და ლაშა ძნელაძემ გამოიჩინეს, კვირიკაშვილმა კი გარდასახვები შეასრულა. დასკვნით წუთებში მასპინძლებმა ისევ შეძლეს ინიციატივის დაბრუნება და ორი კარგი ლელოს გატანა. 76-ე წუთზე გაგა ქევხიშვილი ფინტებით რამდენიმე მცველს დაუსხლტა, გაწითლებულ დროზე კი დერეფნიდან გათამაშებული კომბინაცია ნიკოლოზ ქათამაძემ დაასრულა. ასათიანი რა თქმა უნდა ყველა ჯერზე ზუსტი იყო – 50:24.

ამ მოგებით ‘ლელომ’ სატურნირო ცხრილში მე-4 ადგილზე აინაცვლა. მას 34 ქულა აქვს და ერთით გაასწრო ‘ხარებს’, რომელსაც თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული. ‘არესი’ 22 ქულით მე-8 ადგილზეა და ფლეი ოფში მოხვედრის შანსი შეუმცირდა.

 

ფოტო: მარიამ გაგნიძე