დიდი 10 | ლელო 39:12 არესი

თბილისის ‘ლელო-სარასენსმა’ ქუთაისის ‘არესს’ ბონუსით, 39:12 აჯობა და სატურნირო ცხრილში ადგილი გაუცვალა.

დიდი დიღმელებისთვის ეს მიჯრით მესამე გამარჯვება იყო, ჩემპიონატში მეექვსე და პირველად მოახერხეს პრემიალური ქულის აღება. მისი წყალობით ‘ლელო’ სატურნირო ცხრილში 28 ქულით ‘არესს’ გაუტოლდა და პირისპირ ბალანსის შედეგად უკეთეს, მეორე ადგილზე დამკვიდრდა.

დიდ დიღომში, ქარში გამართულ მატჩში მასპინძლები თავიდანვე დაეუფლნენ უპირატესობას და სტუმართა არაერთგზის მცდელობის მიუხედავად, ანგარიშში სხვაობა მეთოდურად გაზარდეს. ‘ლელო’ ხელდახელ უკეთ ბურთაობდა, ‘არესს’ კი ბურთის შენარჩუნება უჭირდა. შესვენებამდე თბილისელთაგან ლელოები გიორგი მარგალიტაძემ და ვაჟა მიქაძემ გაიტანეს, ირაკლი ყიასაშვილმა კი ორივე გარდასახვის გარდა ჯარიმაც გაიტანა. სტუმრებმა მე-17 წუთზე ბექა ვარდანიძის ლელოთი უპასუხეს – 17:5.

მეორე ტაიმში ჯერ ყიასაშვილმა გაიტანა ჯარიმა, მერე მარგალიტაძემ შეასრულა დუბლი და გარდასახვა კვლავ ზუსტი იყო. ‘არესმა’ ნიკა სირაძის ლელოთი და ცოტნე კვესელავას გარდასახვით თამაშში დაბრუნება სცადეს, მაგრამ 5 წუთში ნიკა სვიმონიშვილისგან ლელო მიიღეს და ყიასაშვილიც კვლავ ზუსტი იყო. მასპინძლებმა იგრძნეს, რომ ბონუსისთვის ბრძოლა შეიძლებოდა და მატჩის დასრულებამდე 3 წუთით ადრე გიგა გრიგალაშვილმა სასურველი მეხუთე ლელო გაიტანა – 39:12. საუკეთესო მოთამაშე ბექა გელხვიძე გახდა.