დიდი 10 | ლელო 38:25 ლოკომოტივი

დედაქალაქურ დერბიში ‘ლელო-სარასენსმა’ „რაგბი პლატოს“ ხელოვნურსაფარიან მოედანზე ‘ლოკომოტივს’ 38:25 სძლია და დაგეგმილი 4 ქულა ჩაიწერა, თუმცა  ბონუსის აღება ვერ მოახერხა.

ამ გამარჯვების შემდეგ ‘ლელოს’ 32 ქულა მოუგროვდა და სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზე დაწინაურდა. ‘ლოკომოტივი’ კვლავაც გამარჯვების გარეშეა და 3 ქულით ბოლო, მე-10 ადგილზეა.

‘ლოკომოტივმა’ შერკინებაში მატჩის დებიუტშივე იმძლავრა და ლუკა სახელაშვილის ჯარიმით დაწინაურდა, მაგრამ მომდევნო 12 წუთში ‘ლელომ’ სოლიდური უპირატესობა მოიპოვა. გიორგი ასათიანმა ჯარიმით წონასწორობა მალევე აღადგინა. მე-10 წუთზე ‘ლოკომოტივმა’ სინბინით ნიკა ჩიღვინაძე დაკარგა და დიდ დიღმელებმა რიცხობრივ უპირატესობაში 15 უპასუხო ქულა აიღეს.

ასათიანმა იქვე ჯარიმა გაიტანა, მე-14 წუთზე ასათიანის ბრწყინვალე დარტყმულის შემდეგ, ‘ლოკომოტივმა’ საკუთარ 5-მეტრიანთან დერეფანი დათმო და ნიკა ბაბუნაშვილმა ლელო გაიტანა, თამაშის განახლებისთანავე კი, მცველები ფეხით გადაკიდებული ბურთის აღებისას შეცდნენ, ის შალვა აფციაურმა აიტაცა და ლელომდე დაახლოებით 35 მეტრი ირბინა. ასათიანმა ორიდან ერთი გარდასახა – 18:3.

‘ლოკომოტივი’ არ გატყდა, 23-ე წუთზე დიტო კალანდაძემ თავისი ნახევრიდან კონტრშეტევა წამოიწყო, ორ მცველს გასცდა და ორი პასის შემდეგ გიორგი ძაბახიძემ საპასუხო ლელო გაიტანა. ტაიმის ბოლომდე ასათიანმა და სახელაშვილმა ჯარიმები გაცვალეს და ‘ლელო’ შესვენებაზე 10-ქულიანი უპირატესობით გავიდა – 21:11.

მეორე ტაიმის დასაწყისში ბექა ბებიაშვილმა ცენტრში გაჭრა ხაზი, ირბინა და ბურთი მარჯვენა ფრთაზე ფეხით გადაკიდა, იქ მას ნოდარ დოლიძე მიყვა და ლელო გაიტანა, სახელაშვილმა კი გარდასახა. თამაში ორმხრივი შეცდომებით გაგრძელდა, 50-ე წუთზე ‘ლელომ’ მეტოქის 22-ში თერნოვერი გაახერხა, ბურთი ფრთაზე სწრაფად ჩათამაშდა და გაგა ქევხიშვილმა ლელო გაიტანა, ასათიანმა კი გარდასახვით სტატუსქვო აღადგინა.

‘ლოკომოტივი’ ძალისმიერ თამაშში უპირატესობას ფლობდა და 58-ე წუთზე ‘ლელომ’ სინბინით სანდრო ზუბაშვილი დაკარგა. 65-ე წუთზე „რკინიგზელები“ შეტევაში აღარ შეცდნენ და ლაშა ტიტვინიძის ლელო სახელაშვილმა გარდასახა. ‘ლელომ’ 72-ე წუთზე ბექა მამუკაშვილის ჯარიმით უპასუხა. თამაშის განახლებისთანავე მატჩის საუკეთესო მოთამაშე შალვა აფციაურმა კონტრშეტევა წამოიწყო, რასაც ფრთაზე ფეხით გადაკიდება და გაგა ქევხიშვილის მეორე ლელო მოყვა, მამუკაშვილმა კი გარდასახვით საბოლოო შედეგი დააფიქსირა – 38:25.