დიდი 10 | ლელო 35:3 აკადემია

თბილისურ დერბიში ‘ლელომ’ ‘აკადემია’ 35:3 დაამარცხა და ჩემპიონობისთვის ბრძოლას აგრძელებს, „მხატვრებმა“ კი დიდი 10-ის მიმდინარე სეზონი მე-5 ადგილზე დაასრულეს.

რეგულარული გათამაშება ‘ლელომ’ მე-4, ხოლო ‘აკადემიამ’ მე-5 ადგილზე დაასრულა და დიდ დიღმელები ფლეი ოფის პირველ ეტაპზე საკუთარი მოედნის უპირატესობით სარგებლობდნენ. თბილისურ დერბიში ისინი თავიდანვე დაეუფლნენ უპირატესობას, 5 უპასუხო ლელო გაიტანეს და დამსახურებული გამარჯვება მოიპოვეს.

პირველი ტაიმი სანახაობრივი გამოდგა. დებიუტში ‘აკადემიამ’ ჯარიმიდან აუტში ვერ გადაიტანა ბურთი, სწრაფი, მრავალფაზიანი ხელდახელ კონტრშეტევა მიიღო, რომლის დროსაც ‘ლელო’ ყველა ჯერზე ახერხებდა უპირატესობის ხაზის გადაკვეთას და ჯაბა სიხარულიძემ მე-3 წუთზე ანგარიში ლელოთი გახსნა. გასატანი პოზიციიდან გარდასახვა არაზუსტი იყო. მასპინძლებმა მალევე კიდევ ერთი კარგი შეტევა განახორციელეს და ლელომდე სანტიმეტრები დააკლდა, თუმცა ჯარიმა გამოიმუშავეს და ამჯერად გიორგი ასათიანი ზუსტი იყო – 8:0.

‘აკადემიამ’ საპასუხო შეტევისას ჯარიმა გამოიმუშავა და სანდრო მარგიანმა 3 ქულა გაქვითა, მაგრამ მისმა გუნდმა დარჩენილ 68 წუთში ქულის აღება ვეღარ მოახერხა. ასათიანმა თავისი მეორე ჯარიმა მალევე გაიტანა, რის შემდეგაც სტუმრებმა შეძლეს ბურთზე კონტროლის დამყარება და მეტოქის ნახევარზე დამკვიდრება, მაგრამ ჯერ ჯარიმა ვერ გაიტანა, მერე კი კოტე ახობაძეს არეკნი გაუცუდდა. წყლის შესვენების შემდეგ ‘ლელომ’ საკუთარი ნახევრიდან კიდევ ერთი თანმიმდევრული შეტევა წამოიწყო. ხაზი თორნიკე კახოიძემ გაჭრა და დიდი მანძილი მოიგო, რამდენიმე ფაზის შემდეგ კი, ლელო ნიკა ბაგაშვილმა გაიტანა და ასათიანმა გარდასახა – 18:3.

მეორე ტაიმი მძიმე გამოდგა. ‘ლელომ’ შეძლო თამაშის სასურველ რითმში გადაყვანა, მერე მოლში უპირატესობა მოიპოვა და პირველ ჯერზე დაახლოებით 25-30 მეტრი იარა, 57-ე წუთზე კი 5-მეტრიანი დერეფანი ლევან პაპიძის ლელოთი დასრულდა. 69-ე წუთზე საჰაერო ორთაბრძოლის შემდეგ ბურთი გიორგი მარგალიტაძემ აიტაცა, ფეხით მოკლეზე შეიცურა და ლელო გაიტანა, ხოლო ბექა მამუკაშვილმა გარდასახა. შეხვედრის მიწურულს ‘ლელოს’ მოლს კიდევ ერთი ლელო მოყვა. ამჯერად ის კობა კოლოტაურმა გაიტანა და მატჩი 35:3 დასრულდა.

შეხვედრის საუკეთესო მოთამაშე ბექა გელხვიძე გახდა. ‘ლელო’ ფლეი ოფის მეორე ეტაპზე 22 მაისს, რუსთავში ‘ხარებს’ შეხვდება. ერთი დღით ადრე ‘ბათუმი’ და ‘ყოჩები’ ზღვისპირეთში ფინალის საგზურისთვის შეიბმებიან.

 

ფოტო: ანი რეხვიაშვილი