დიდი 10 | ლელო 31:13 აია

‘ლელომ’ მოქმედ ჩემპიონ ‘აიასთან’ გადამწყვეტი უპირატესობა მეორე ტაიმში მოიპოვა და 31:13 გაიმარჯვა.

ქუთაისელებისთვის ეს ზედიზედ მეორე მარცხია, ‘ლელომ’ კი სამიდან ორი შეხვედრა მოიგო.

„შევარდენზე“ გამართული მატჩი თბილისელების შეტევებით დაიწყო და ბექა მამუკაშვილმა მე-9 და მე-13 წუთებზე ჯარიმები გაიტანა. ‘აიამ’ მალე უპასუხა. მათ ხელდახელ შეტევას ჯარიმა მოყვა, ჯარიმას მოლი და მესამე მიძალებას გიგა ჯულუხაძეს ლელო. ბონდო აბაშიძეს გარდასახვა დაუფარეს, თუმცა მე-19 წუთზე ჯარიმა შორიდან გაიტანა და სტუმრები 8:6 დააწინაურა.

მამუკაშვილმა ‘ლელოს’ უპირატესობა 34-ე წუთზე დაუბრუნა, მეორე ტაიმის დასაწყისში კი თავისი მეოთხე ჯარიმა გაიტანა. მალე ‘აიამ’ სინბინით პაატა გალდავა დაკარგა, ‘ლელომ’ კი რიცხობრივი უპირატესობა 49-ე წუთზე გამოიყენა. მოლის შემდეგ ბურთი ჯერ ერთ ფრთაზე ჩათამაშდა, მერე მეორეზე და გაგა ქევხიშვილმა ლელო გაიტანა, მამუკაშვილმა კი გარდასახა – 19:8.

58-ე წუთზე კაცნაკლული უკვე ‘ლელო’ დარჩა. თემურ კოხოძეს ნიკა ბაგაშვილი მხრით დაუხვდა და წითელი ბარათი მიიღო. მიუხედავად ამისა, 62-ე წუთზე მოლის შემდეგ ლევან პაპიძემ ცენტრთან გაჭრა ხაზი, მას გიორგი მარგალიტაძე მიყვა და არჩილ აბესაძის პასის შემდეგ, ლამაზი შეტევა ქევხიშვილმა თავისი მეორე ლელოთი დაასრულა. 69-ე წუთზე მამუკაშვილზე ორი ბოჭვა გაცუდდა და მანვე ცენტრში გატანილი ლელოთი უპირატესობა 23 ქულამდე გაზარდა.

ამ ეპიზოდში ‘აიამ’ ყვითელი ბარათით კონსტანტინე ნახუცრიშვილი დაკარგა, მაგრამ მატჩის მიწურულს ლელო უკვე თავად გაიტანა – სანდრო ფურცხვანიძემ მეტოქის არაზუსტი პასით ისარგებლა და საბოლოო შედეგი დააფიქსირა – 31:13.

მატჩის საუკეთესო მოთამაშე ბექა მამუკაშვილი გახდა.

 

ფოტო: ანი რეხვიაშვილი