დიდი 10 | ლელო 25:25 აია

დიდი 10-ის მიმდინარე სეზონში პირველი ფრე დაფიქსირდა. მეორე ტურში „ლელო არენაზე“ ‘ლელო სარასენსმა’ ქუთაისის ‘აიას’ უმასპინძლა და დაძაბულ მატჩში 25:25 დაუზავდა.

დრამატული მატჩი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა. მაყურებელმა ეპრიზოდურად სწრაფი, ხელდახელ თამაში და ლამაზი ლელოები იხილა, თუმცა მრავლად იყო შეცდომებიც. მასპინძლებმა შეხვედრის მიწურულს 7-ქულიანი უპირატესობა მოიპოვეს, თუმცა სტუმრები არ გატყდნენ და დამსახურებული 2 ქულა მოიპოვეს.

ანგარიში მე-2 წუთზე ირაკლი ყიასაშვილმა ჯარიმით გახსნა. 10 წუთში მას ბონდო აბაშიძემ ასევე შორეული ჯარიმით უპასუხა. განახლდა თუ არა შეხვედრა, ‘ლელომ’ ბურთი მოიპოვა და მაღალ ტემპში შეუტია, ფაზები კარგად აკინძა, ბურთი ფრთაზე სწრაფად ჩაათამაშა და შალვა აფციაურმა შეხვედრის პირველი ლელო გაიტანა.

ტაიმის მეორე ნახევარში ტერიტორიულ და სათამაშო უპირატესობას ‘აია’ დაეუფლა  და შესვენებამდე დაწინაურებაც მოახერხა. 29-ე წუთზე, შერკინების შემდეგ, ზვიად ორმოცაძემ ხაზი გაჭრა და ორი პასის შემდეგ ლელო ლისალა ნასეგემ გაიტანა. ბონდო აბაშიძეს გარდასახვის შემდეგ ჯარიმაც გაუფუჭდა, თუმცა 39-ე წუთზე მისი დარტყმული ზუსტი იყო და სტუმრები 11:8 დაწინაურდნენ.

მეორე ტაიმი 5 წუთის დაწყებული იყო, როდესაც მასპინძლები ცენტრის სიახლოვეს შეცდნენ, ‘აიამ’ ბურთი სწრაფად ჩაათამაშა მარჯვენა ფრთაზე და ნასეგეს ოფლოუდის შემდეგ ამირან შვანგირაძემ ლელო გაიტანა, ხოლო აბაშიძემ გარდასახვით სტუმართა უპირატესობა 10 ქულამდე გაზარდა. 55-ე წუთზე ყიასაშვილს ჯარიმით შეეძლო ჩამორჩენის შემცირება, მაგრამ მისი დარტყმული ძელმა აისხლიტა.

64-ე წუთზე ‘ლელოს’ მცდელობებმა შედეგი გამოიღო. ბექა მამუკაშვილმა მეტოქის 22-ში ჯარიმა სწრაფად გაითამაშა და სანამ მცველები გონს მოეგნენ ლელოში დიტო კიკნაძე შეუშვა, ყიასაშვილმა კი რთული პოზიციიდან გარდასახა. 10 წუთში მასპინძლებმა მოლით შეუტიეს, უპირატესობის მოპოვების შემდეგ ბურთი ლუკა არჩვაძემ გაიტანა და კარის წინ სისწრაფეზე შესულ ლუკა კოროშინაძეს შეაყოლა. ვიდეო-რეფერიმ ეპიზოდი გადაამოწმა და ლელო ჩაითვალა, ყიასაშვილმა კი გარდასახვის შემდეგ, 79-ე წუთზე ჯარიმაც გაიტანა. თამაშისთვის განკუთვნილი დრო უკვე ამოწურული იყო, როდესაც ზვიად ორმოცაძემ რაქიდან მოკლე ფრთაზე შეუტია, ზედ კიდის ხაზთან ბოლო მცველს გვერდი აუარა და ლელოში ბურთი ამირან შვანგირაძეს შეაყოლა, ნიკა ღლონტმა კი გარდასახვით საბოლოო შედეგი – 25:25 დააფიქსირა.

მატჩის საუკეთესო მოთამაშედ ‘აიას’ ფიჯელი ფულბეკი ლისალა ნასეგე დასახელდა.

 

ფოტო: მარიამ გაგნიძე