დიდი 10 | ლელო 22:31 ბათუმი

‘ბათუმმა’ ლელოს ძალისმიერ თამაშში აჯობა, ოთხი ლელოს პასუხად მხოლოდ ერთი გაუშვა და თბილისში, „ლელო არენაზე“ ბონუსით, 31:22 იმარჯვა.

ზღვისპირელებმა დიდი 10-ის მე-11 ტურში მიჯრით მეხუთე, სულ კი მეათე გამარჯვება მოიპოვეს და 48 ქულით სატურნირო ცხრილის თავში არიან, თანაც ისე, რომ მდევრებს კომფორტული სხვაობით უსწრებენ და მათ ლიდერობას საფრთხე არ ემუქრება.

‘ლელომ’ პრაგმატული რაგბი ითამაშა და ყველა შესაძლებლობიდან სცადა ქულების აღება. მაგრამ მეტოქის მოლს ვერ გაუმკლავდა და 26 ქულით მეხუთე ადგილზე რჩება.

პირველ ტაიმში სტუმრებმა ორჯერ ააგორეს წარმატებული მოლი და დებიუტში ლელო სანდრო ქოიავამ, ხოლო შესვენების წინ ბექა მამრიკიშვილმა გაიტანა. მამუკა ნინიძის გარდასახვები არაზუსტი იყო, თუმცა მე-10 წუთზე ჯარიმა ზუსტად შეასრულა. მასპინძლებმა გიორგი ასათიანის სამი ჯარიმით უპასუხეს და ტაიმი 9:13 დათმეს.

მეორე ტაიმის საწყის 10 წუთში ნინიძემ ორი, ხოლო ასათიანმა ერთი ჯარიმა გაიტანა და სხვაობა 7 ქულამდე გაიზარდა. საათის თავზე მათ მესამე წარმატებული მოლი ააგორეს და ამჯერად ლელო გიორგი მენაბდემ მიითვალა, 72-ე წუთზე კი, ‘ლელომ’ თავის 22-ში დაკარგა ბურთი და სწრაფი პასის შემდეგ გიორგი წიკლაურმა ‘ბათუმის’ მეოთხე ლელო გაიტანა, ნინიძემ კი გარდასახა.

შეხვედრის მიწურულს თავში იდაყვით კონტაქტისთვის სტუმართა ბურჯი მურმან ჯიჯვაძე წითელი ბარათით დაისაჯა, მალე კი ყვითელი დაჩი კოპაძემ მიიღო. ‘ლელომ’ 13-კაციან მეტოქეს მოლით შეუტია და თენგიზ ზამთარაძემ ერთი ლელო გაქვითა, პეტრე ხუციშვილმა კი გარდასახვით საბოლოო შედეგი დააფიქსირა. მატჩის საუკეთესო მოთამაშე სანდრო ქოიავა გახდა.

 

ფოტო: მარიამ გაგნიძე