დიდი 10 | ლელო 13:8 ბათუმი

თბილისის ‘ლელო-სარასენსმა’ საქართველოს ჩემპიონი ‘ბათუმი’ 13:8 დაამარცხა და მოწინავე ექვსეულში პოზიცია გაიმყარა.

დიდი დიღმელების გამარჯვება მით უფრო დასაფასებელია, რომ ზღვისპირელები თბილისში უძლიერესი შემადგენლობით ჩამოვიდნენ. ‘ლელო’ 19 ქულით მე-6 პოზიციაზე დარჩა, თუმცა მდევარ ‘ბათუმს’ უკვე 4 ქულით უსწრებს და პირველ ადგილთანაც 4 ქულა აშორებს.

თამაში მასპინძლების შეტევებით დაიწყო, მაგრამ 25 წუთში პეტრე ხუციშვილს სამი ჯარიმა გაუცუდდა. 26-ე წუთზე ‘ბათუმმა’ თავისი ნახევრიდან კონტრშეტევა წამოიწყო, ხელდახელ ბურთაობით 60 მეტრი დაფარა და ვანო ფუტკარაძემ ლამაზი ლელოთი ანგარიში გახსნა. გარდასახვა არაზუსტი იყო. ‘ლელომ’ 34-ე წუთზე უპასუხა. აქტიურმა გაგა ქევხიშვილმა, ხელით ბურთის კარგად გათამაშების შემდეგ ხაზი გაჭრა, ბოლო მბოჭავი ხელის კვრით ჩამოიშორა და ლელო გაიტანა. ხუციშვილმა გარდასახა და მასპინძლები 7:5 დააწინაურა. შესვენებამდე მამუკა ნინიძეს ჯარიმა გაუცუდდა, მერე ‘ბათუმმა’ სინბინით ბექა ბერიძე დაკარგა, ‘ლელომ’ ბურთი აუტში ვერ გადაიტანა და ტაიმიც დასრულდა.

მეორე ტაიმი ‘ბათუმის’ შეტევებით დაიწყო და ნინიძეს ერთხელაც მიეცა თავისიანების დაწინაურების შანსი, მაგრამ ჯარიმა ვერ გაიტანა. ამის შემდეგ ‘ლელომ’ შეძლო უპირატესობის დაბრუნება და 56-ე და 67-ე წუთებზე პეტრე ხუციშვილმა ორი ჯარიმა გაიტანა. დურმიშხან ჯაბნიძემ ერთი ჯარიმა 75-ე წუთზე გაქვითა, თუმცა დარჩენილ დროში ქულების აღების შანსი მასპინძლებს უფრო ჰქონდათ, მაგრამ ჯერ არეკნი და მერე ჯარიმა ვერ გაიტანეს – 13:8. მატჩის საუკეთესო მოთამაშე ‘ლელოს’ კვაჭი ნიკა ბაბუნაშვილი გახდა.